საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის კომპლექსს ეწვივნენ და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნენ.
მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ ევროპული სკოლის პროექტის განხორციელება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს. მისი თქმით, ევროპული სკოლის პროექტს რეგიონში ანალოგი არ ჰყავს და იგი ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოსწავლეებს მულტიკულტურულ გარემოში, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულ მაღალი ხარისხის ევროპულ განათლებას სთავაზობს.
თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს პროექტის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ევროპული სკოლის პროექტის განხორციელება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავებას.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ახალი ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და 2024 წელს დასრულდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გააგრძელებს აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის მხარესთან, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტის ყველა კომპონენტი ეფექტიანად განხორციელდეს.
ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.