ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხზე დებატები გაიმართა

ევროპარლამენტარებმა განიხილეს ესტონელი ევროპარლამენტარის, ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრის, სვენ მიქსერის მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე.

დებატების დროს ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოში შექმნილ შიდაპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, მათ შორის გაკეთდა მოწოდებები, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და ნიკა გვარამიას გათავისუფლება.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 8 ნოემბერს დაუჭირა.

კომპრომისულ ვარიანტში ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს.

“[ევროპარლამენტი საქართველოს] ურჩევს სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის”, - წერია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებში. მიღებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს, რათა კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და გამოიყენოს ეს როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება.

რაც შეეხება ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ ჩანაწერს, ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და გადახედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;

დოკუმენტი ამ კუთხით განიხილავს ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის ნიკა გვარამიას, ისევე როგორც სხვა მედიასაშუალებების, როგორიცაა „ფორმულას“ და „პირველი TV“-ს დირექტორებისა და დამფუძნებლების შემთხვევას და იმეორებს გვარამიას მიმართ გამამტყუვნებელი განაჩენის გადახედვის მოწოდებას.

დოკუმენტში მწუხარება არის გამოთქმული, რომ ღრმა პოლარიზაცია კვლავ რჩება საქართველოს პოლიტიკური გარემოს განმსაზღვრელი მახასიათებელი. ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ დაინტერესებულ მხარეს, თავი შეიკავონ ყოველგვარი გამყოფი და აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ თავიანთი ძალები, რათა საფრთხე არ შეუქმნან მათ მთავარ მიზანს – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამბიციური დემოკრატიული, სასამართლო და ანტიკორუფციული რეფორმების განხორციელების გზით;

ხაზს უსვამს ნდობის ჩამოყალიბებისა და გაზრდის აუცილებლობას ყველა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის, ასევე მათ და ქართველ ხალხს შორის; დოკუმენტში აღნიშბულია, რომ ევროკავშირის შუამავლობით 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების ძირითადი დებულებები კვლავ წარმოადგენენ გზას დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებისა და პოლარიზაციის შემცირებისკენ და შესაბამისად, აისახება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების 2021-2027 წლების დღის წესრიგში.

„მწუხარებას გამოთქვამთ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის გამო და მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას შეასრულონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები.

სასამართლოს გადაწყვეტილება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გასამართლების შესახებ და სასამართლოს განაჩენის გამოყენება ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევის მიზნით არის პოლიტიზებული მართლმსაჯულების საქმის აშკარა დემონსტრირება.

პოლიტიკური ლიდერების სამართალში შემდგომი მიცემა ეწინააღმდეგება პოლარიზაციის შემცირების გაცხადებულ ზრახვას“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე რეზოლუციას 14 დეკემბერს მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო