არასამთავრობოები - მმართველი პარტია არ აღიარებს სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი მის სიკვდილს სიხარულით ელოდებიან - ლეტალური შედეგის დადგომა პოლიტიკური კოლაფსი იქნება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება შეწყვიტოს და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად პასუხისმგებლობა იტვირთოს.

ამასთანავე, მესამე სექტორი იმედოვნებს, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო სხდომები უმოკლეს დროში გაიმართება და სასამართლო მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით იხელმძღვანელებს.

„ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების ფაქტს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სახალხო დამცველის სპეციალური კონსილიუმის დასკვნისა და ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ხელისუფლება პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისთვის მყისიერი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას არ აღიარებს. სახალხო დამცველის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის გადავადების საფუძველს უკვე იძლევა.

უკიდურესად აღმაშფოთებელი და ცინიკურია მმართველი პარტიის მაღალჩინოსანთა განცხადებები, რომელიც პატიმრის სიკვდილის შესაძლებლობას სრული გულგრილობით ეკიდება. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე „უფალს აბარია“ და „მასზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“. მმართველი პარტია დღემდე არ აღიარებს სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმებას, რიგი წევრები კი სააკაშვილის სიკვდილს, შეიძლება ითქვას, სიხარულითაც ელოდებიან. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე ერთხელ უკვე დადგა კრიტიკული საფრთხის წინაშე, რისი მიზეზიც სწორედ ის იყო, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას ხელისუფლება კვირების მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება კატეგორიულად შეუსაბამოა როგორც საქართველოსა და საერთაშორისო სამართალთან, ასევე ევროკავშირის წევრობის პოლიტიკურ მიზანთან. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და ლეტალური შედეგის დადგომა არამხოლოდ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა, არამედ პოლიტიკური კოლაფსიც იქნება, რომელიც საქართველოს რეპუტაციას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაიაზროს სახელმწიფოს ვალდებულებები ადამიანის ძირითადი უფლებების სფეროში, შეწყვიტოს გულგრილი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობისადმი და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად პასუხისმგებლობა იტვირთოს.

ამასთანავე, ვიმედოვნებთ, რომ სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო სხდომები უმოკლეს დროში გაიმართება, ხოლო სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით იხელმძღვანელებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს სასამართლოს გუშაგი; ადამიანის უფლებათა ცენტრი; საფარი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; პრევენცია პროგრესისთვის; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; უფლებები საქართველო; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; სოციალური სამართლიანობის ცენტრი; მედიის განვითარების ფონდი; ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო