გიორგი მარგველაშვილი - მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ვუყურებთ სიკვდილით დასჯის ქრონიკას - ერთადერთი ქვეყანა, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო

გამოტანილია სასიკვდილო განაჩენი, ჩვენ ვუყურებთ სიკვდილით დასჯის განვრცობილ ქრონიკას, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტის შეფასებისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ მისი პირველი შთაბეჭდილება ძალიან მძიმე იყო, რადგან მან ნახა სრულიად დასნეულებული მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან, მარგველაშვილის თქმით, ადვოკატებმა მიმართეს პენიტენციურ სამსახურს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვდროდა, თუმცა უარი ეთქვა.

„პირველი შთაბეჭდილება ბევრი თვალსაზრისით ძალიან მძიმე იყო. პირველ რიგში, მე დავინახე სრულიად დასნეულებული. არ მინდა, ფატალური სიტყვები გამოვიყენო, ის რაც დავინახე, რა ფიზიკურ მდგომარეობაშიც არის ეს ადამიანი, გორის ჰოსპიტალში რომ ვნახე, მაშინ მსგავსი არაფერი იყო, ფიზიკურად სადამდე მიიყვანეს, რა კადრებს ვუყურებთ, საავადმყოფოშია თუ საკონცენტრაციო ბანაკში? ეს ძალიან შეცვლილია.

არ შემიშვეს და არ უნდათ, რომ ვნახო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი, პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო.

„ვისაც ჰგონია, რომ მისი მდგომარეობით, ამ ფსიქიკური მდგომარეობით აჩვენებენ რამეს, გარდა იმისა, რომ ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ერთად ძალიან ცუდია, უბრალოდ გაუნათლებლები ხართ, გარდა იმისა, რომ უნამუსოები. ეს ფსიქო-ფიზიკური მდგომარეობა ავადმყოფობის, კახექსიის დროს ერთად მიდის. გავიგე, რომ არც პატრიოტიზმი გაქვთ, არც ღირსება გაქვთ, მშიშარები ხართ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ -ეს მისი ცუდი საქციელი კი არ არის, მისი ფიზიკური მდგომარეობის გაგრძელებაა, მისი ფსიქო-ფიზიკური ავადმყოფობაა ეს.

ნამდვილად არ მეგონა, რომ ამ დონეზე იქნებოდით რუსების მონები, იმდენად მონები ხართ, რომ იმათ უკეთებთ ფილმებს, რუსებს, რომლებსაც უკრაინაში გმირი უკრაინელები და გმირი ქართველები დამარცხებას დამარცხებაზე აგემებენ. ერთადერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი იმარჯვებს, სადაც პუტინი და მისი იდეოლოგია იმარჯვებს, არის საქართველო. რადგან ქართველები ვაწამებთ პრეზიდენტს, რომელზეც პუტინმა თქვა, რომ პირადი მტერია და მერე კადრებს ვაჩვენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ საზოგადოება არ გამოფხიზლდება, ქვეყანა მიდის იმ გზით, რომ „ჩვენ და ჩვენს შვილებს წაგვიყვანენ ჯარში, რომ უკრაინელების წინააღმდეგ ვიბრძოლოთ“.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია აღნიშნული კადრების გავრცელების შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება პარლამენტში ერთად როგორ უნდა ისხდნენ.

„ამ წამებისა და საქართველოს შეურაცხყოფის შემდეგ რა ლოგიკით უნდა ისხდნენ ერთ პარლამენტში და იხილავდნენ რომელი ძაღლის ჯიში აკრძალონ, მე ვერ ვხვდები. შეუძლებელია იჯდე ადამიანებთან,, რომლებიც აწამებენ და მერე საზოგადოებას აჩვენებენ ამას. პარლამენტის დატოვებით არაფერი არ მოხდება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას? ხომ გინდა, რომ ვითარება სადღაც წაიყვანო და ტემპერატურა ხომ უნდა აწიო?“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო