ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2022

“ბოლო კოზირი” უკრაინისთვის - ვაშინგტონი “პეტრიოტის” გადასაცემად ემზადება

რა აბრკოლებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტს

რა დილემის წინაშე დგას ხელისუფლება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

* * *

“ბოლო კოზირი”“ უკრაინისთვის - ვაშინგტონი “პეტრიოტის” გადასაცემად ემზადება

“აშშ უკრაინისთვის “პეტრიოტის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გადასაცემად ემზადება - როგორც შეერთებული შტატების მაღალჩინოსნები ამბობენ, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელები უკრაინას “ბოლო კოზირს აძლევენ”. მათივე შეფასებით, ეს სისტემები უკრაინის ცის დაფარვას საკმაოდ ეფექტურად შეძლებს, რუსეთისთვის კი ეს სერიოზული გამოწვევა იქნება. მათივე შეფასებით, აშშ-ს ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ რუსეთმა ირანთან მილიარდდოლარიანი ხელშკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, მოსკოვი თეირანისგან 6 ათას ბალისტიკურ რაკეტას და დრონს შეისყიდის. “სი-ენ-ენი” ორ ამერიკელ ჩინოსანსა და ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის “პეტრიოტის” სისტემების გადაცემისთვის ემზადება. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სისტემების გაგზავნისთვის მოსამზადებელ გეგმებს ამთავრებს, რის შესახებაც უკვე ამ კვირას შეიძლება გახდეს ცნობილი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ბოლო კოზირი”“ უკრაინისთვის - ვაშინგტონი “პეტრიოტის” გადასაცემად ემზადება.

“სი-ენ-ენ”-ის თანახმად, გეგმა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერაა შემუშავებული, ჯერ პენტაგონის მეთაურმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. მას შემდეგ, რაც გეგმები საბოლოოდ შეთანხმდება, “პეტრიოტის” სისტემები "უახლოეს დღეებში" გაიგზავნება, ხოლო უკრაინის ძალები წვრთნას გერმანიაში აშშ-ის არმიის ბაზაზე გაივლიან. როგორც მედია წერს, ერთი პატრიოტის ბატარეა შედგება რადარისგან, სამეთაურო ნაწილისგან, დამხმარე აღჭურვილობისა და რვამდე გამშვებისაგან, რომელთაგან თითოეული ოთხი რაკეტითაა აღჭურვილი. ჯერჯერობით უცნობია, აშშ უკრაინას რამდენ ერთეულ სისტემას გადასცემს. როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აღნიშნავს, თუ აშშ-მ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო, გამოდის, რომ უკრაინას ბოლო კოზირს აწვდის. ეს კი, მისი თქმით, იმითაა გამოწვეული, რომ ყველაფრის მიუხედავად ირანი რუსეთთან მაინც თანამშრომლობს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, გამოდის, რომ ამერიკელები უკრაინას ბოლო კოზირს აძლევენ. აშშ-ს ამაზე მეტი თანამედროვე შეიარაღება უკვე აღარ გააჩნია. როგორც ჩანს ეს იმითაა გამოწვეული, რომ რუსეთმა ირანთან მილიარდდოლარიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც 6 ათას ბალისტიკურ რაკეტას და დრონს შეისყიდის. ასევე, ირანელები აპირებენ, რომ თათრეთის რესპუბლიკაში ქარხანა შექმნან, რომლის მეშვეობითაც რუსები თავიანთ ტერიტორიაზე ანალოგიურ ლიცენზირებულ დრონებს დამზადებენ. რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ეს უკვე ნატოსა და რუსეთს შორის ცხელ ფაზაში შესული ჰიბრიდული ომია. რუსეთისთვის ეს სერიოზული გამოწვევა იქნება. უკრაინელები მოუმზადებლად ამ სისტემების გამოყენებას ვერ შეძლებენ. თუ ემზადებიან, მაშინ გარკვეული დრო უნდა, მინიმუმ 6 თვე მაინც. თუმცა, ინფორმაციების გახმოვანება იმ შემთხვევაში ხდება ხოლმე, როცა საქმე საქმეზეა მისული და ასეთ შემთხვევაშიც გადაცემას 6 თვეზე ნაკლებ დროში მაინც ვერ მოხერხდება. ამ ყველაფერს მომზადება და დაცვა უნდა, რომ ეს სისტემები რუსებს ხელში არ ჩაუვარდეთ, ისედაც თანამედროვე ტიპის იარაღზე ნადირობენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ აშშ უკრაინას მხარში ბოლომდე უდგას და მხარს უჭერს, ამაზე მეტი დახმარება რაღა უნდა იყოს. ამ სისტემებს ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების გადაჭერა შეუძლია, რომელიც უკრაინის ცას დაიცავენ. შესაძლოა 100%-იანი გადაკეტვა ვერ მოხდეს, მაგრამ სადღაც 80%-მდე დაიცავს, რამდენიმე ქალაქს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მაინც. თუ ეს სისტემები დროზე იქნა გადაცემული, შესაძლოა ახლა ოკუპანტების იერიშებს უშველოს. რუსები საპასუხოდ ალბათ მოემზადებიან, ალბათ ნადირობას და განადგურებას დაიწყებენ და ესეც უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული, როგორც უკრაინას, ისე აშშ-ს. “პეტრიოტ” სისტემები, ესაა საშუალო სიშორის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, რომელიც განკუთვნილია ბალისტიკური რაკეტებისა და თვითმფრინავების დაბალ და მაღალ სიმაღლეებზე გასანადგურებლად. ასევე, რადიოელექტრონული სისტემების ჩახშობის დიდი პოტენციალი გააჩნია. ამავე დროს მას მაქსიმალური დაფარვის ზონა 100 კმ აქვს, სიმაღლე კი 25 კმ. ერთ ბატარეას შეუძლია რვა სარაკეტო კომპლექსის გაშვება. მას შეუძლია დრონებიც გაანადგუროს” - განმარტავს ვახტანგ მაისაია.

“ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ აშშ სავარაუდოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნული სისტემები კი უკრაინის ცას საკმაოდ ეფექტურად დაიცავს. “აშშ სავარაუდოდ დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინისათვის “პეტრიოტების” გადაცემის საკითხზე. აღნიშნული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები უკრაინის ცის დაფარვას საკმაოდ ეფექტურად შეძლებს. მისი სხვადასხვა მოდიფიკაცია არსებობს. მაგრამ, რაც მთავარია “პეტრიოტები” ეფექტურია როგორც თვითმფრინავების, ისე ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ. დაფარვის ზონა საუკეთესო ვარიანტს 160 კილომეტრი აქვს. მისი შესწავლა და ათვისება საკმაოდ სწრაფად მოხდება, თუკი უკვე არ განხორციელდა, რის შემდეგაც უკრაინის ცა დიდწილად ჩაიკეტება რუსული რაკეტების ეფექტური მოქმედებებისაგან (თუმცა 100%-ან შედეგს ვერანაირი სისტემა ვერ დადებს)”,- მიიჩნევს გიორგი კობერიძე” - დასძენს გამოცემა.

რა აბრკოლებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტს

“ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დეტალები გამოაცხადა, თუმცა, გაერთიანების ქვეყნებს ერთიანი პოზიცია ჯერჯერობით არ აქვთ. როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მთავარი მიმართულება მაინც ისაა, რომ ევროკავშირი ასევე აპირებს “დაუკეტოს რუსეთის წვდომა” ყველა ტიპის თვითმფრინავსა და უპილოტო საფრენ აპარატზე, რაზედაც, მათი თქმით რიგი სახელმწიფოები შესაძლოა თავს იკავებდნენ. ევროკავშირის ქვეყნებს არ აქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. “დღის წესრიგში გვაქვს ირანი, დღის წესრიგში გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას”, - თქვა ბორელმა. ის არ გამორიცხავს, რომ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ ახალი სანქციები უახლოეს დღეებში შეთანხმდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა აბრკოლებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტს.

“როდესაც მე ან ევროკომისიის პრეზიდენტი ვაკეთებთ განცხადებებს სანქციების შესახებ, ჩვენ მხოლოდ წინადადებებს ვაცხადებთ. მე არაერთხელ მითქვამს, რომ გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო. ახლა 27 მინისტრს აქვს განსხვავებული ხედვა. ჩვენი წინადადებები ჯერ გადაწყვეტილება არ არის. მე ვფიქრობდი, რომ დღეს დილით შევძლებდით მწვანე შუქის ავანთებას, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, ეს ალბათ დღის ბოლოს ან ხვალ მოხდება, მაგრამ მაინც არის საკითხები, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ”, - თქვა ბორელმა. როგორც შავი ღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე “რეზონანსთან” ამბობს, საბოლოოდ ურთიერთკომპრომისის საფუძველზე ევროკავშირი სანქციების მეცხრე პაკეტს მაინც შეათანხმებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რვა პაკეტი უკვე დატკიცდა, მეცხრე პაკეტში შეთანხმებას რამდენიმე საკითხზე უნდა მიაღწიონ, მათ შორის ის მთავარი მიმართულება, რომ რუსეთს ყველა ტიპის თვითმფრინავსა და უპილოტო საფრენ აპარატზე ხელმისაწვდომობა არ ჰქონდეს, რადგან მისი მეშვეობით რუსეთი უკრაინაში ომს აქტიურად აწარმოებს, სამოქალაქო ობიექტებს ბომბავს და ევროკავშირის მიზანი სწორედ ესაა. არაა გამორიცხული, რომ გარკვეულ პუნქტებში ისევ უნგრეთი იყოს წინააღმდეგი. ასევე, მაგალითად, კვიპროსი, საბერძნეთი და სამხრეთ ევროპის სხვა ქვეყნები და შესაძლოა პროცესი გაიწელოს. კონსესნსუსი ჭირს, რადგან 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მგონია, რომ ურთიერთკომპრომისის საფუძველზე შეათანხმებენ. უბრალოდ შესაძლოა ამ შემთხვევაში პროცედურა გაიწელოს, გვახსოვს ალბათ, როცა მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით პროცედურები გაიწელა, მაგრამ მაინც დამტკიცდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“რაც შეხება ურთიერთკომპრომისის მაგალითს, რამდენიმე დღის წინ, უნგრეთმა უკრაინისათვის 18 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფას ვეტო დაადო, ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც უნგრეთი დათანხმდა, რომ ვეტოს მოხსნის ფინანსური ჯარიმების შემცირების სანაცვლოდ. რაც შეხება სანქციების მეცხრე პაკეტის შინაარსს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტში 200-მდე რუსული კომპანია და ფიზიკური პირი, ასევე სამი ბანკი შედის. ლაიენის თქმით, სანქციები დაწესდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ადამიანებისა და კომპანიების, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოების, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისა და ფედერაციის საბჭოს წევრების, ასევე მინისტრების, გუბერნატორებისა და სხვა პოლიტიკოსების წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, სანქციების მეცხრე პაკეტში ასევე შედის სამი რუსული ბანკი, რომელთაგან ერთ-ერთი არის სრულიად რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკი. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ორ სხვა ბანკზეა საუბარი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი აპირებს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას გარკვეული კატეგორიის საქონლის ექსპორტზე, მათ შორის ორმაგი დანიშნულების და ელექტრონიკის. მათ შორისაა ქიმიკატები და ნერვული აგენტები, ელექტრონიკა და Iთ კომპონენტები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში. ევროკავშირი კრძალავს რუსეთისთვის უპილიტო საფრენი აპარატების მიყიდვას; დრონების ექსპორტი იკრძალება ირანშიც, რომელიც რუსეთს ამ იარაღით ამარაგებს და აკრძალვა ასევე ეხება მესამე ქვეყნებს, რომლებმაც შესაძლოა დრონები რუსეთს მიაწოდონ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: “ჩვენ ვთავაზობთ აიკრძალოს თვითმფრინავების ძრავების პირდაპირი ექსპორტი რუსეთში და ექსპორტი ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, როგორიცაა ირანი, რომელსაც შეუძლია დრონების მიწოდება რუსეთისთვის”, - დასძენს გამოცემა.

რა დილემის წინაშე დგას ხელისუფლება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს გადაიდო; ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც კლინიკა “ვივამედიდან” დისტნაციურ რეჟიმში უნდა ჩართულიყო, პენიტენციურმა სამსახურმა ვერ ჩართო დისტანციურად. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები სხდომის ერთი თვით გადადებას ითხოვდნენ, მაგრამ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. სასამართლო სხდომის გადადებას ხმაური მოჰყვა საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციის მონაწილეების მხრიდან, მათ პენიტენციური სამსაურის წარმომადგენლებს გადაადგილების საშუალებას არ მისცეს. ისმოდა შეძახილი, მობილიზებული იყო პოლიცია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა დილემის წინაშე დგას ხელისუფლება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

“სააკაშვილის სასამართლო სხდომის გადადებას უკვე მოჰყვა შეფასებები, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დეპუტატებმა ოპოზიციიდან პარლამენტში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება “იქ გაჩერება- არგაჩერების” საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი თუ არა”, - ასეთია ნიკა მელიას მოწოდება ოპოზიციონერი დეპუტაციისადმი. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ თემას მაინც აქვს პოლიტიკური მხარე “იმ მხრივ, რომ ხელისუფლება მარტო მიშაზე არ არის პასუხისმგებელი, პასუხისმგებელია თავის ამომრჩეველთან, თუ უკან დაიხევს და სააკაშვილს გაათავისუფლებს, მხარდამჭერებს დაკარგავს”. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება ცდილობს დრო მოიგოს, რადგან არ იცის რა გადაწყვეტილება მიიღოს იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან სააკაშვილთან მიმართებაში ზეწოლა იზრდება. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული შიმშილობა ახალ საპროტეტსო ტალღას ვერ ააგორებს და მხოლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობას დააზიანებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არავითარი ტექნიკური პრობელემა არ არსებობს, მითუფრო კოვიდ-19-ის შემდეგ, როდესაც დისტანციური ურთიერთობა უმაღლეს დონეზე არის ასული. რატომ გადაიდო მეორე სხდომა, არის გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლება ცდილობს დრო მოიგოს. სააკაშვილი გადაიყვანოს საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ გაათავისუფლო, რაც გამოიწვევს მათი ამომრჩევლის აღშფოთებას. ამავდროულად, დასალეთისგან ძლიერდება ზეწოლა ხელისულებაზე, ასეთი მომთხოვნი მთავრობის მიმართ დასავლეთი ადრე არ ყოფილა. თუ მოხდება სააკაშვილის საზღვრგარეთ გადაყვანა, ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და მაშინ “ქართული ოცნება” ქულებს ჩაიწერს, იტყვის, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელიო. რაც შეხება კადრების გავრცელებას, რატი ბრეგვაძე არის ის ადამიანი, ვინც უცხოეთში სასწავლებლად პრეზიდენტის სტიპენდიით იყო წასული, ასე დაუფასა. რაც მან ილაპარაკა არის ტყუილი და საინტერესო დეზინფორმაცია საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“გაუგებარია შიმშილობასთან დაკაშირებით გაკეთებული განცხადება, რადგან სააკაშვილის გარემოცვა ამობობს, რომ მას ისედაც უჭირს ჭამა და ამ ფონზე აცხადებ შიმშილობას, ალბათ მიზანი აქვს, რომ ზეწოლა მახდინოს სასამართლოზე. რაც შეეხება საპროტესტო ტალღის აგორებას არა მგონია, რომ პროტესტმა მასობრივი სახე მიიღოს და ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, როგორც ჩანს, ესეც გათვალა ხელისუფლებამ. პარლამენტის დატოვებას რაც შეეხება, ალბათ “ნაცმოძრაობის” დეპუტაცია დატოვებს პარლამენტს, მაგრამ აქ არის ერთი პრობელმა; თუ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა, პროტესტი ვერ აგორდა და დეპუტატები ტოვებენ პარლამენტს, მაშინ “ნაცმოძრაობას” პარლამენტში დეპუტატები აღარ ეყოლება... როგორ დასრულდება პროცესი, არ ვიცი, მაგრამ ხელისულება თუ კომპორომისზე წავა, ანუ გადაიყვანს სააკაშვილს უცხოეთში, ეს აღქმული იქნება მის სისუტედ, ამას კი ხელისუფლება არ დაუშვებს” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა