„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ – 2022 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული და დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა გაიზარდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ინფორმაციით, 2022 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას 57 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მედიის წარმომადგენლებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად ჩინეთი და ირანი სახელდება.
მიმდინარე წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წელს 2021 წელთან შედარებით სამსახურებრივი მოვალეობის დროს 20%-ით მეტი ჟურნალისტი დაიღუპა, რასაც ექსპერტები უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებენ.
მიმდინარე წელს 28%-ით გაზრდილია დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობაც. ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში მედიის 533 წარმომადგენელი დააკავეს.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი, 11 ჟურნალისტი წელს მექსიკაში მოკლეს. მეორე ადგილზე კი უკრაინაა, სადაც ომს 8 ჟურნალისტი ემსხვერპლა.

























