ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე განაცხადა.
სხდომა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას.
„ჩემთვის დიდი პატივია ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, მე მინდა ყველას მოგესალმოთ. პირველ რიგში, მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მე მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა კომისიის სხდომაზე განაცხადა, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, იქნას განხილული ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აზერბაიჯანის დელეგაციის და პირადად ჩემი სახელით, გულთბილი მიღებისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საუკეთესო სურვილებსა და მოკითხვას გადმოგცემთ.
მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებს. მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და ჩვენი თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი მეგაპროექტები, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს, ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა.
ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს, თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, ამასთან, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“.