თეა ახვლედიანი - გვსურს ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მძლავრად გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს

გვსურს ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მძლავრად გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა, თავისი თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპის ერთგულია.

“შეჯამებისას, მსურს ხაზი გავუსვა, რომ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არსებითი პროგრესის მიღწევა დიდწილად დამოკიდებულია ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობაზე, სურვილის და ინტერესის შემთხვევაში, დაუბრკოლებლად ისარგებლონ მათთვის გახსნილი პერსპექტივებით. აღმართული კედლები და მავთულხლართები, ფიზიკური თუ სხვა ბარიერები, ადგილობლივ მოსახლეობაზე განხორციელებული წნეხი, ბუნებრივია, შესაძლოა დაუძლეველ წინაღობად იქნას მიჩნეული ნდობის მშენებლობის და შერიგების გზაზე, რისთვისაც ადამიანებს შორის კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ურყევად განაგრძობს ძალისხმევას ჩართულობის და შერიგების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში დასახული მიზნის მისაღწევად, რისი ხაზგასმითაც დავიწყე და შემდგომ განვავრცე ჩემი დღევანდელი გამოსვლა, რათა ჩვენი სამშვიდობო გზავნილი უფრო მკაფიოდ გავაგონოთ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ჩვენი საზოგადოების აფხაზ და ოს წევრებს; ჩვენი ერთობლივი კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად, მივაწვდინოთ ხმა, იმ სიკეთეების და სარგებლის, პროგრამებისა და სერვისების შესახებ, რომლებიც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით არის შექმნილი.

საქართველოს მთავრობა, თავისი თანმიმდევრული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის და კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპის ერთგულია, რაც მრავალგზის დადასტურდა და გამყარებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტებითა თუ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირთა განცხადებებით. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ განუხრელად ვრჩებით ნაკისრი ვალდებულებების ერთგულნი, რადგან გვწამს, რომ სწორედ მშვიდობა და განვითარება წარმოადგენს არსებული გამოწვევების დაძლევის უალტერნატივო გზას”,- აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო