საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის „თიბისი“ BARTA 2022-ის გამარჯვებული გახდა

საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის „თიბისი“ BARTA 2022-ის გამარჯვებული გახდა

„თიბისიმ“ მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში, BARTA-ს ჯილდო საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის მიიღო. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) რიგით მეოთხე ცერემონია გამიმართა. დაჯილდოების ცერემონიას ახორციელებენ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობები საქართველოში.

„გამჭვირვალე და ხარისხიანი ანგარიშგება კომპანიების სანდოობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც პოტენციური საერთაშორისო ინვესტორები ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენთვის ამ ჯილდოს მიღება დიდი პატივია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „თიბისის“ სანდოობას და გამჭვირვალობას, როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტორებისთვის. მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის”, - განაცხადა „თიბისის“ ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი მეგრელიშვილმა.

მათივე ცნობით, პროექტი 2019 წელს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა.

„BARTA-ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. ყოველწლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. გამარჯვებულებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ტარდება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი, რეპუტაცია, მდგრადი განვითარება, „ნოუ-ჰაუ" და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/ “ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.