პროფესიული განათლების ხელშეწყობის კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება შალვა პაპუაშვილმა მიულოცა

საქართველოს პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განვითარებას. გიდასტურებთ, რომ ჩვენ ვიქნებით თქვენი გულშემატკივარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის გამართულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წელს გამარჯვებულები 5 ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდენ და შალვა პაპუაშვილმა გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განვითარებას და პროფესიული განათლების საფეხურის არჩევა დღევანდელ სამყაროში სწორი და პრაგმატული არჩევანია.

„პარლამენტის სახელით გიდასტურებთ, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით თქვენი გულშემატკივარი. სწორედ 1861 წლის 15 დეკემბერს გამოიცა „გუთნისდედა“, პირველი პროფესიული პერიოდული გამოცემა, რომელიც განსაზღვრული იყო სოფლის მეურნეობაში ცოდნის გავრცელებისთვის, რითაც სიმბოლური და მნიშვნელოვანია დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი. მაშინდელმა მოწინავე საზოგადოებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ პროფესიული ცოდნა გაევრცელებინა. ვფიქრობ, ამის კარგი გაგრძელებაა ის, რაც დღეს პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ღონისძიების სახით ხდება. მინდა ეს ხიდი შეიკრას, გადავხედოთ წარსულს და რაც გვაქვს დანატოვარი, ამაზე დაფუძნებით, გავაგრძელოთ ჩვენი წინსვლა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს პროფესიული განათლების ხელშეწყობის კუთხით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც და „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს მონაწილეობა მივიღო ათასწლეულის ფონდის მიერ ორგანიზებული „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში, რომელიც წელს უკვე მეხუთედ იმართება. ეს გახლავთ შესანიშნავი ტრადიცია, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში წარმატებული მაგალითების წარმოჩენის გზით, დარგის პოპულარიზაციასა და მისი პრესტიჟის ამაღლებას უწყობს ხელს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მისივე თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კონკურსის დაარსების დღიდან პროექტის აქტიური მხარდამჭერია. ის დამსწრე საზოგადოებას დაპირდა, რომ სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ხელშეწყობას.

საქართველოს პარლამენტის სპეციალურ კატეგორიაში - „ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ გამარჯვებულ პროფესიულ კოლეჯს „მოდუსი“ სიმბოლური პრიზი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა გადასცა.

„იზრდება მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა პროფესიულ განათლებაში როგორც შშმ, ასევე სსმ პირების, ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სეგმენტის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ეს მიმართულება და დავაწესეთ სპეციალური პრიზი ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშესაწყობად. ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამა, რომელმაც მიიღო საუკეთესო ინკლუზიური პრაქტიკისთვის ჩვენი ჯილდო მორგებულია ქსელური აკადემიის ცისკოს პლათფორმაზე, რომელიც ითვალისწინებს სსმ და შშმ პირებისთვის მაქსიმალური ცოდნის მიცემას. შესაძლებელია მათთვის სასწავლო რესურსებზე წვდომა და დამოუკიდებლად პრაქტიკული დავალებების ნაწილის ვირტუალურად შესრულებაც“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

შეგახსენებთ, „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ 2017 წლიდან ათასწლეულის ფონდის ინიციატივით ტარდება და მიზნად პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობას ისახავს. კონკურსს 2017 წლიდან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უჭერს მხარს.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით