ევროკავშირსა და საქართველოს შორის DCFTA-ის ფარგლებში შექმნილი ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მეცხრე შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში შექმნილი ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის რიგით მეცხრე შეხვედრა ქალაქ ბრიუსელში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში DCFTA-ს განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლებ იმონაწილეობდნენ. ევროკავშირის მხარეს ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის ევროპისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს განყოფილების უფროსი იგნასიო ირუარიზაგა დიეზი ხელმძღვანელობდა.

„კომიტეტის სხდომის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის ტენდენციები, ასევე DCFTA-ის განხორციელების მხრივ საქართველოს პროგრესი საჯარო შესყიდვების, კონკურენციის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, მომსახურებით ვაჭრობისა და სხვა სფეროებში განიხილეს.

ევროკომისია მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად რჩება და ქვეყნის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი მასზე მოდის. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა DCFTA-ის განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, როგორც საკანონმდებლო დაახლოების ასევე ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით. განსაკუთრებული ხაზი გაესვა საჯარო შესყიდვების სფეროში I ფაზით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების შედეგად შესყიდვების ბაზარების გახსნას, რაც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში.

ევროკომისია საქართველოს ისეთ ევროპულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში გაწევრიანებას მიესალმა, როგორიცაა ევროპული მეტროლოგიის ორგანიზაცია (EURAMET), ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობა (ILAC) და საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმი (IAF), ასევე მიესალმა საქართველოს აფილირებული წევრობის სტატუსის მიღებას სტანდარტიზაციის ევროპულ ორგანიზაციებში (CEN და CENELEC).

ევროკომისიის დელეგაციამ საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს მაღალი შეფასება მისცა და ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე მზაობა გამოხატა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო