დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი სასამართლო სხდომაზე  მიხეილ სააკაშვილის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი სასამართლო სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმოუდგენლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ სათანადოდ არ მართა სასამართლო პროცესი.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლე გიორგი არევაძეს სასამართლო პროცესი არ უნდა გადაედო პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისთვის საქმის მასალების გასაცნობად დროის მიცემის მიზნით.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც გახმაურებულ საქმეებზე მომეტებული საზოგადოებრივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, უნდა შეასრულოს კანონით დაკისრებული ელემენტარული ფუნქციები, სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნიჰილიზმი და უნდობლობა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის 14 დეკემბერს სასამართლოში დანიშნული იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხის განხილვა. სასამართლოს ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, პატიმარმა მონაწილეობა ვერ მიიღო პროცესში, ვინაიდან, ვერ მოხერხდა მსჯავრდებულის წარმოდგენა სხდომაზე ან მისი დისტანციური ჩართვა.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისაგან განთავისუფლების საკითხის განხილვა ერთი და იგივე მიზეზით სასამართლომ უკვე მეორედ გადადო. 8 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ცუდად ყოფნის მიუხედავად სასამართლო სხდომაზე დასწრება სურდა. 9 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების მიზეზიც იყო პატიმართან დისტანციური ჩართვის უზრუნველყოფისთვის საჭირო ტექნიკური პრობლემების მოგვარება და პენიტენციური სამსახურის მიერ საქმის მასალების გაცნობა.

მიხეილ სააკაშვილის საქმის წარმართვა ფართო საზოგადოებაში არ წარმოაჩენს სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვაზე კონტროლის მქონე დამოუკიდებელ ორგანოდ. მიმდინარე პროცესი ტოვებს განცდას, რომ მოსამართლეს არ შეუძლია პატიმრობაში მყოფი პირის საპროცესო უფლებების დაცვა თავად პატიმრობის განმახორციელებელი ორგანოს თვითნებობისა თუ უპასუხისმგებლო ქცევის შემთხვევაში.

სასამართლო პროცესის მართვა სრულად საქმის განმხილველი მოსამართლის კომპეტენციაა და მან უნდა შეძლოს მის ხელთ არსებული ყველა საპროცესო თუ ინსტიტუციონალური ბერკეტის გამოყენებით უზრუნველყოს პროცესის დროულად და ხარისხიანად წარმართვა.

მოსამართლემ სათანადოდ არ მართა სასამართლო პროცესი. მოქმედი კანონმდებლობით, მოსამართლე ვალდებულია მართოს სასამართლოში საქმის განხილვა, გაუწიოს მას ორგანიზება, დაგეგმოს სწორად და არ დაუშვას პროცესის უსაფუძვლო გადადება. მოსამართლეს გარდა კანონის ცოდნისა, მოეთხოვება შესაბამისი უნარ-ჩვევების ქონა. საქმის ჯეროვნად და პასუხისმგებლობით მომზადების უნარი ორგანული კანონით მოსამართლედ დანიშვნისთვის სავალდებულო შესამოწმებელ კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთია. საქმის მომზადების კომპონენტს წარმოადგენს მხარეთა დასწრების, მათ შორის დისტანციური ჩართულობის ტექნიკური გამართულობის გადამოწმება, როგორც წესი სხდომამდე, და გაუმართავობის შემთხვევაში დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

სასამართლო პროცესების დისტანციურად ჩატარება საქართველოს სასამართლოებში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სასამართლო პროცესზე სხვადასხვა დროს ორჯერ ვერ მოხერხდა. კოვიდ პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს დისტანციური სხდომების ჩატარების შესაძლებლობას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მხოლოდ 2020 წლის ივლისამდე სასამართლოში 16 400 ზე მეტი დისტანციური სხდომა არის ჩატარებული.

სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა პენიტენციური სამსახურის სრულიად დაუსაბუთებელი და არადამაჯერებელი განცხადება ჩართვის ტექნიკურად უზრუნველყოფის შეუძლებლობის შესახებ. სასამართლო პროცესზე არ განხილულა კონკრეტულად ვის პასუხისმგებლობას წარმოადგეს პატიმრის დისტანციური ჩართვის უზრუნველყოფა და თუნდაც მომდევნო სხდომისთვის ვის მიეცა ამის უზრუნველყოფის დავალება.

მოსამართლემ არ მიიღო ზომები პენიტენციური სამსახურის მხრიდან პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურების ნიშნების წინააღმდეგ. მოსამართლე ვალდებულია გონივრული რეაგირება ჰქონდეს მხარის შუამდგომლობაზე: ამოიცნოს, ხომ არ ემსახურება ის პროცესის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას და არ დაუშვას საკანონმდებლო ნორმებით პროცესის მონაწილის მანიპულირება, მით უფრო ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, თავისუფლებააღკვეთილი პირის საზიანოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსამართლე მიუდგა საკითხს ზედაპირულად, ფორმალისტურად. იგი არ დაინტერესებულა კონკრეტული ტექნიკური პრობლემის შინაარსით, პრობლემის აღმოფხვრისთვის საჭირო დროის გონივრულობით, ერთხელ უკვე მიცემულ ვადაში პრობლემის მოუგვარებლობის მიზეზებით. მოსამართლემ უარი თქვა მის ხელთ არსებული საპროცესო საშუალებების გამოყენებაზე და უპირობოდ დაემორჩილა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის მოთხოვნას.

მოსამართლემ მეორედ გადადო სასამართლო პროცესი პენიტენციური სამსახურის მიერ საქმის იმავე მასალების გაცნობისთვის დროის მისაცემად, რომლის გასაცნობადაც მას მოსამართლემ დრო ერთხელ უკვე მისცა, როცა 9 დეკემბრის პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ 9 დეკემბერს წარდგენილი მასალები მან მომდევნო სამუშაო დღეს, ანუ 12 დეკემბერს გაიტანა სასამართლოდან. სასამართლოში მსჯელობა არ გამართულა იმის თაობაზე თუ რა მასშტაბისაა გასაცნობი მასალები. უპასუხოდ დარჩა ადვოკატის არგუმენტი იმის შესახებ, რომ ახალია მხოლოდ სამი ფურცელი და ძირითადად საუბარია იმ მასალებზე, რომლებიც პენიტენციურ სამსახურში ინახება და 9 დეკემბრამდეც ხელმისაწვდომი იყო უწყების წარმომადგენლისთვის. მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება შეუსაბამოა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურების შესახებ'', - ნათქვამია განცხადებაში.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იუსტისტები აცხადებენ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძეს:

სასამართლო პროცესი არ უნდა გადაედო პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლისთვის საქმის მასალების გასაცნობად დროის მიცემის მიზნით.

მოსამართლეს სასამართლო პროცესი უნდა გადაედო მხოლოდ რამდენიმე საათით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, ასევე საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო სასამართლოს ტექნიკური სპეციალისტის ჩართულობა, ან საამისოდ საჭირო დავალებების გაცემა.

დისტანციური სხდომის ჩატარების შესაძლებლობის საბოლოოდ გამორიცხვის შემთხვევაში სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა სასამართლო სხდომის პატიმრის განთავსების ადგილას, კანონით დადგენილი წესით სხდომის ღიაობის უზრუნველყოფით ჩატარების საკითხი.

მივიჩნევთ, რომ მართლმსაჯულების სისტემამ, რომელიც გახმაურებულ საქმეებზე მომეტებული საზოგადოებრივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება, უნდა შეასრულოს კანონით დაკისრებული ელემენტარული ფუნქციები. სხვა შემთხვევაში კიდევ უფრო გაღრმავდება მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოებრივი ნიჰილიზმი და უნდობლობა“,- აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალებისგან (ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები, სამართლის ექსპერტები) შემდგარი ჯგუფია, რომლის მიზანია საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირება, დამოუკიდებელი, სამართლიანი და სანდო სასამართლო სისტემის შექმნა.

ჯგუფის წევრები არიან:

  1. იოსებ ბარათაშვილი (ადვოკატი)
  2. მაია ბაქრაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  3. თამარ გეგელია (სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი)
  4. ირაკლი გაბრიჩიძე (ადვოკატი)
  5. ხათუნა გრიგალაშვილი (ადვოკატი).
  6. ლევან თორთლაძე (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი)
  7. ირმა კაკიაშვილი (იურისტი)
  8. ირაკლი კორძახია (ადვოკატი)
  9. უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრი (ყოფილი სახალხო დამცველი,)
  10. ზაზა ხატიაშვილი (ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე) ადვოკატი
  11. ეკა ციმაკურიძე (იურისტი, დემოკრატიის ინდექსი).
  12. ბესიკ ლოლაძე (პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  13. თამარ ლალიაშვილი (პროფესორი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე)
  14. ბესიკ სისვაძე (ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი).
  15. ლია მუხაშავრია (ადამიანის უფლებების პრიორიტეტი).
  16. ნათია ქუთათელაძე (დამოუკიდებელი ექსპერტი, ყოფილი მოსამართლე)
  17. ირაკლი შავაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  18. თეა ხამხაძე (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე).
  19. თამაზ ჯალიაშვილი (ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე)
  20. დავით ჯანდიერი (იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე).
  21. კახა წიქარიშვილი (მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა