არმაზ ახვლედიანი რატი ბრეგაძეს - როდესაც სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი შევარდნაძის მთავრობაში, თქვენგან განსხვავებით ბედავდა და ამბობდა მწარე სიმართლეს - თქვენც გაბედეთ

როდესაც მიხეილ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი შევარდნაძის მთავრობაში, თქვენგან განსხვავებით ბედავდა და ამბობდა მაშინ მწარე სიმართლეს - თქვენც გაბედეთ და თქვით დღეს რამე კრიტიკული, ოღონდ არა ოპონენტების მისამართით, არამედ მთავრობის მისამართით , - ამის შესახებ დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს მოუსმინეს.

არმაზ ახვლედიანმა კოლეგებს პოლიტიკური რევანშიზმის დასრულებისკენ და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებისკენ მოუწოდა.

„ეს არის უბედურება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ რეალურად კრიტიკულები, ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ჩვენი ნამოქმედარის უარყოფითი მხარე, ბოლოს და ბოლოს იქნებ ვინმემ ამოვხსნათ, რა გამართლება აქვს საღ აზრზე მყოფი ადამიანისთვის რაც დღეს სჭირს მესამე პრეზიდენტს და აქ მოვიშველიებთ გაუთავებლად რა იყო 10 და 15 წლის წინ. ეს ხომ წარმოუდგენელი რამ არის.

ცილისწამება ჩვენ ყველა დროში გვახსოვს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ აღარ იყოს და დასრულდეს. არ შეიძლება ადამიანები ვცხოვრობდეთ რევანშის და სისხლის აღების ტრადიციაში. შეუძლებელია ეს. ეს უნდა ჩავაბაროთ წარსულს და ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე.

მე არ დაგიმალავთ და ძალიან მეუხერხულება, რომ დღეს თქვენ ამ ტრიბუნიდან საუბრობდით როგორც იუსტიციის მინისტრი და ფაქტობრივად, არ გქონდათ გააზრებული მთავარი, რომ კანონის უზენაესობა კი არ არის სინამდვილეში მთავარი, არამედ სამართლის უზენაესობაა. საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა გადავშალოთ, სადაც შურისძიებას შეცვლის თანამშრომლობა. მინდა იმედი მქონდეს, რომ ჩვენ მაინც შეგვრჩება საღი აზრი, რომ წერტილი დავსვათ და თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამას, მაშინ ძალიან სავალალო იქნება, მაგრამ წერტილს ჩვენს ნაცვლად, სხვები დასვამენ და ეს შეიძლება გაცილებით მძიმე აღმოჩნდეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა