ამერიკული ორგანიზაციის პროგნოზით, ჩინეთში, კორონავირუსს 2023 წლის ბოლომდე, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს

ამერიკული ორგანიზაციის პროგნოზით, ჩინეთში, კორონავირუსს 2023 წლის ბოლომდე, შესაძლოა, 1 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლოს

ჩინეთის მიერ კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების უეცარმა მოხსნამ, შეიძლება, შემთხვევების აფეთქება და 2023 წლის ბოლომდე მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს, - ამის შესახებ ამერიკული ჯანმრთელობის მეტრიკისა და შეფასების ინსტიტუტის ახალ პროგნოზშია აღნიშნული.

ორგანიზაციის დირექტორის, კრისტოფერ მიურეის განცხადებით, პროგნოზის თანახმად, შემთხვევები ჩინეთში პიკს დაახლოებით, 1-ელ აპრილს მიაღწევს, ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით, მესამედი იქნება ინფიცირებული, დაღუპულების რაოდენობა კი - 322 000-ს გაუტოლდება.

ჩინეთმა მსოფლიოში ყველაზე მკაცრი კოვიდ შეზღუდვები დეკემბერში, უპრეცედენტო საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გააუქმა და ახლა ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსით გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებს.

ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში, პანდემიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 5 235-ს შეადგენს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა უწყებამ კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ბოლოს 3 დეკემბერს გაავრცელა.