ხათუნა ბურკაძე - ჰააგის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მისმა წარმომადგენლებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ოკუპანტია და მისმა წარმომადგენლებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს. ეს დეოკუპაციისათვის კიდევ ერთ მყარ საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმია.

„2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგის აღნიშნული გადაწყვეტილება და ამავე საქმეზე, სახელმწიფოთაშორისი დავის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის მექანიზმია.

გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდებები ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებას, მძევლად აყვანასა და მათ უკანონო გადაადგილებას. აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, საუბარია ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივ ძარცვასა და განადგურებაზე, ამასთანავე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისათვის დაბრუნების უფლებასთან დაკავშირებით უარის თქმაზე,“ - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

ის განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად.

"რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გაერო-ს, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში დავაყენოთ საერთაშორისო მონიტორების ოკუპირებულ ტერიტორიებზე უშუალოდ შესვლის აუცილებლობის საკითხი, რაც უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ხათუნა ბურკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო