რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. შეხვედრა ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს მე-20 შეხვედრის ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ორმხრივი პროექტები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება განიხილეს.

„განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე გაკეთდა, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანზე როგორც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.

ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, მეტი აქცენტი ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად, დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროებაზე გაკეთდა. ამ მხრივ, ისეთი გადამცემი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ამასთან, ქართულმა მხარემ ყურადღება იმ პოტენციალზეც გაამახვილა, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და სხვა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ასევე განახლებადი ენერგორესურსების ათვისების წახალისების სქემის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივა აღინიშნა, რომელმაც ჯამში, ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა მოიტანოს.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიასთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, საქართველოში ევროკომისარ კადრი სიმსონის ვიზიტს მიესალმება”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს