გიორგი ჩიტიძე - შეიძლება ვიდავოთ, რომ მეტი რუსი უნდა ყოფილიყო ბრალდებული, თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ იმ ხელმისაწვდომობით, რაც ჰააგას ჰქონდა, მაქსიმუმი გააკეთა

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამხედრო დანაშაულები რუსეთის ფედერაციის დიქტატით მიმდინარეობდა - გენერალი ბორისოვი, რომელზეც დაკავების ორდერი გამოიცა, გასცემდა ეთნიკურად ქართველების დაკავების, წამების, არაადამიანური მოპყრობის ბრძანებებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა, გიორგი ჩიტიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ჩიტიძემ აღნიშნა, ჰააგის სასამართლომ 4 ადამიანის დაკავების ორდერი გამოსცა, თუმცა მათგან ერთ-ერთი, რუსი გენერალი ბორისოვი გარდაცვლილია. რაც შეეხება დანარჩენ სამ პირს - „ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ, ფაქტობრივად, სამოძრაოდ დარჩათ არეალი ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის.

„დაკავების ორდერი გამოიცა 4 ადამიანზე - ერთი არის გენერალი ბორისოვი და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ეს არის რუსი გენერალი. გამოდის, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს დანაშაულები რუსეთის ფედერაციის დიქტატით მიმდინარეობდა - ეს ადამიანი გასცემდა ეთნიკურად ქართველების დაკავების, წამების, არაადამიანური მოპყრობის ბრძანებებს, უბრალოდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა და მის მიმართ აზრი დაკარგა შესაბამისმა პროცესმა.

გამოძიება დაიხურა, მაგრამ ბრალდებული უნდა წარდგნენ ჰააგაში, რადგან დაუსწრებლად საბოლოო გადაწყვეტილებას ჰააგა ვერ მიიღებს. ადამიანი ფიზიკურად უნდა წარსდგეს სასამართლოში, რადგან მას მთელი რიგი უფლებები აქვს, რომ თავი დაიცვას, შესაბამისად, ახლა ჩვენ ველოდებით, რომ ეს ადამიანები დააკავონ და გადასცენ ჰააგას, რაც, ცხადია, მარტივი არ არის, რადგან რუსეთის ფედერაცია არ არის მხარე და არ აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას, არ ევალება ამ ხალხის ჰააგისთვის გადაცემა. ეს ხალხი, დიდი ალბათობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება და სანამ იმ 123 სახელმწიფოდან, რომელიც არის სასამართლოს წევრი, არ გადაკვეთენ რომელიმეს საზღვარს, მანამდე ძალიან რთული იქნება ამ ადამიანების დაკავება. მათ, ფაქტობრივად მხოლოდ მოსკოვისა და ცხინვალის არეალი აქვთ, რადგან გეოგრაფია სასამართლოს წევრი ქვეყნების არის ფაქტობრივად ამომწურავი - შეიძლება ჩინეთი და აშშ არ არის მხარე რუსეთთან ერთად, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ აშშ-მა არ გადასცეს ეს ადამიანები სასამართლოს ან ჩინეთში მათ რაიმე კავშირები ჰქონდეთ, რათა მათ იქაურობას შეაფარონ თავი. რეალურად, მათ სამოძრაოდ დარჩათ არეალი ოკუპირებულ ცხინვალსა და მოსკოვს შორის.

რაც შეეხება გამოძიების ხანგრძლივობას - სასამართლოს და საერთაშორისო გამოძიებას ზოგადად აქვს ეს პრობლემა. ამას ისიც ემატება, რომ სასამართლოს არსებობის ისტორიაში პირველად მოუხდა საერთაშორისო კონფლიქტის გამოძიება. აქამდე ის ძირითადად აფრიკის კონტინენტზე ფოკუსირდებოდა და იქ იყო შიდა კონფლიქტები. საერთაშორისო კონფლიქტი, თანაც როდესაც მეორე მხარეს გყავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი ვეტოს უფლებით - ანუ რუსეთი, ეს არის ურთულესი. წარმოიდგინეთ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერ შედიხარ, რუსეთის ფედერაცია კი აწვდიდა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც მისთვის იყო სასარგებლო. რეალურად, მთელი გამოძიება ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რა მტკიცებულებების მოგროვებაც იყო შესაძლებელი, ეს გააკეთეს. ორმაგად უფრო სასიხარულოა, რომ ჩვენ ვითანამშრომლეთ, გადავეცით ყველაფერი და იქაც არ აღმოჩნდა ჩვენი სამხედროების დანაშაულები. შეიძლება ვიდავოთ, რომ მეტი რუსი უნდა ყოფილიყო ბრალდებული, ფაქტობრივად, შეიძლება ვთქვათ, რომ იმ ხელმისაწვდომობით, რაც ჰააგას ჰქონდა, ჩემი აზრით, მაქსიმუმი გააკეთა“, - განაცხადა გიორგი ჩიტიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს