ლევან დავითაშვილი - საქართველო იქნება შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის აქტიური განმახორციელებელი და წარმმართველი

საქართველო იქნება შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის აქტიური განმახორციელებელი და წარმმართველი, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უკვე არსებობს აქტიური გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს იტალიური საერთაშორისო კომპანია მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ატარებს.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტის ინიციატორი საქართველო იყო.

„მსოფლიო ბანკის მხრიდან აღებული სესხით სახელმწიფო აფინანსებს ამ პროექტს და მსოფლიო ბანკის ექსპერტებიც აქტიურად არიან ჩართული ამ პროექტში. შემდეგი ეტაპებიც საქართველოს მხრიდან დაფინანსდება და ამაზე არსებობს ჩვენი ფინანსთა სამინისტროს მზადყოფნა და კონკრეტული მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან ისე, რომ შემდეგი უკვე პრაქტიკული კვლევითი სამუშაოები, რომელიც ზღვაში განხორციელდება, ასევე საქართველოს მიერ წარიმართება. საქართველო ამ პროექტში იქნება მთავარი წარმმართველი ძალა და ლიდერი პროექტის განხორციელებაში.

როდესაც ვსაუბრობთ ამ ახალ ფლაგმან პროექტზე - შავი ზღვის ქვეშ ელექტროგადამცემ ხაზზე, ამ პროექტის ინიციატორიც და იდეის ავტორიც იყო საქართველო. საქართველომ წარადგინა ეს პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალში. საქართველომ დაიწყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, საქართველომ დაიწყო ამ სამუშაოების დაფინანსება პროაქტიულ რეჟიმში. ამას შემდეგ შემოუერთდნენ სხვადასხვა პარტნიორი ქვეყნებიც. სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერის მონაწილეობით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება, სადაც 4 ქვეყანა იქნება ჩართული, მათ შორის ევროკავშირის ორი ქვეყანა.

თავდაპირველ ეტაპზე არ იყო ამდენი ინტერესი, არ იყო ასე აქტუალურად დანახული ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი, თუმცა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ევროკავშირში, შესაბამისად, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მიმდინარე წელს ევროკავშირის ხელმძღვანელების ძალიან აქტიური ჩართულობა და ენთუზიაზმია ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გაფორმების შემდეგ პროექტს უკვე სხვა სტატუსი მიენიჭება - ეს იქნება პროექტი, რომელიც არის ურთიერთ ინტერესის სფეროს საგანი. როდესაც ევროკავშირის ორი ქვეყანა არის პროექტის განხორციელებაში ჩართული, განსაკუთრებული სტატუსი ექნება მას ევროკავშირის მხრიდან.

ასევე მოისმინეთ ევროკავშირის კომისრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ფინანსების პრობლემა არ არის, პირიქით, რამდენიმე მილიარდის ფინანსური რესურსის მობილიზებისთვის თვით ევროკავშირი არის მზად. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, წლების განმავლობაში მუშავდებოდა და იყო ცალსახად ჩვენი ინიციატივა. დღეს ეს არის ფლაგმანი პროექტი ევროპასთან ურთიერთობისა და დაკავშირებადობის საკითხში - ალბათ, ზედმეტი მოკრძალების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას გაზრდის და ასევე გაზრდის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ მნიშვნელობას ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო