"ლელო საქართველოსთვის" გმობს ფიზიკურ თავდასხმას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი კირთაძეზე. ამის შესახებ განცხადებას „ლელო“ ავრცელებს.
განცხადების თანახმად, აგრესიას, ფიზიკურ ძალადობას და სიძულვილის პოლიტიკას არ აქვს გამართლება არანაირ მოცემულობაში.
„სამწუხაროდ, მმართველობის ათი წლის განმავლობაში, "ქართული ოცნება" სისტემატურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია.
ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს”
"ლელო" გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.