საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ნიდერლანდების ელჩთან საქართველოში, მაიკე ვან კოლდამთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები იყო.
ნიკოლოზ სამხარაძემ ელჩს საქართველოს პარლამენტის სამუშაო დღის წესრიგზე, 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
„მათ ასევე ისაუბრეს ადამიანის უფლებების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე. როგორც კომიტეტის ხელმძღვანელმა, ისე მაიკე ვან კოლდამმა დადებითად შეაფასეს 2022 წლის ნოემბერში საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრების ვიზიტი ნიდერლანდებში; იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც და ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს, როგორც მედიატორის, მნიშვნელოვან როლს”, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.