მამუკა მდინარაძე - გვრჩება იმედი, რომ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე ოპოზიციაში კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ, თუ ეს არ მოხდება, ჩავარდნის საფრთხე არსებობს

ჩვენი მხრიდან იყო კომპრომისი, რომ 5 კანდიდატიდან ამოერჩიათ ერთი, რომელიც მათ სურდათ - მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართული კონსულტაციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოვლენებს გადააფასებს და პოზიციას შეიცვლის.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, პოლიტიკური მიუკერძოებლობაა. მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან, ამის შესაძლებლობის დაშვება გამორიცხულია. არსებობს უხერხული მომენტები კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერი არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ მიუკერძოებლობას მოახერხებს. აქედან გამომდინარე 8 კანდიდატიდან დარჩა 5 კანდიდატი, სადაც გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის მეტ-ნაკლები გარანტია. შევთავაზეთ, რომ 5-დან ერთ-ერთი ამოერჩიათ, თუმცა ამაზე ჩვენ დადებითი შედეგი ვერ მივიღეთ. გვრჩება იმედი, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების სახელმწიფო ინტერესი და იქნებ, შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ. თუ ეს არ მოხდება, ჩავარდნის საფრთხე არსებობს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე განმარტავს, რატომ არაა საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციის მიერ შეთავაზებული გიორგი ბურჯანაძისა და ანა აბაშიძის კანდიდატურები მისაღები. მისი თქმით, შეუძლებელია იმაში დარწმუნება, რომ ეს ორი კანდიდატი პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება.

„შეხვედრაზეც ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ პოლიტიკური მიუკერძოებლობა არის ის უპირატესი სახელმწიფოებრივი ინტერესი, რაც შეუძლებელია სამომავლო პერსპექტივაში დავინახოთ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატებში. იქიდან გამომდინარე, რა განცხადებებს აკეთებდნენ წარსულში, რა დამოკიდებულებებს ავლენდნენ გასაუბრების დროსაც კი, შეუძლებელია დარწმუნდე, რომ ისინი პოლიტიკურად მიუკერძოებლები იქნებიან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა რესურსი, რომ კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში რომელიმე კანდიდატის ასარჩევად ხმების საკმარისი რაოდენობა მოგროვდეს, მდინარაძე ამბობს, რომ ამის რესურსი არსებობს.

„არის რესურსი, რომ მათი მხრიდან თავისუფალი კენჭისყრის რეჟიმში რომელიმე მათგანი იყოს მხარდაჭერილი, თუმცა ალტერნატივა, გადაწყვეტილების, რომელიც შეიძლებოდა კონსენსუსური სახით მიგვეღო, პრაქტიკულად დღეს გამორიცხული იქნა. ვხედავ რესურსს, რომ შესაძლოა დაგვიბრუნდნენ და რომელიმე მათგანზე მხარდაჭერის თანხმობა დააფიქსირონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო