გიორგი ვაშაძე - თაღლითური სქემა მოიგონეს, რომ სახალხო დამცველის 5 კანდიდატი შემოეგდოთ და წამოგვიყენეს ულტიმატუმი - მგლის თავზე სახარების კითხვასავითაა „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობა

გიორგი კირთაძეზე თავდასხმა არის კობახიძის ხელწერა და მისი დავალებით გაკეთებული, პირდაპირ ვეუბნები - ირაკლი, შენი არავის ეშინია, „დრონი მეფობენ და არა მეფენი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდასხმის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დრო გავა და ხელისუფლებას ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს.

„ეს არის პირდაპირი, იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოაწყო“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ ისაუბრა ოპოზიციის გეგმებზე და უპასუხა კითხვას, რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება.

მისი თქმით, როდესაც ყველა დაინახავს, რომ პარლამენტში 12 პუნქტის შესრულების შანსი ამოიწურა, „ამ ნაბიჯს გადადგამენ“.

„ეს დიდი პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ძალიან კარგად უნდა იყოს ახსნილი პარტნიორებისთვისაც, რომ 12 პუნქტის შესრულებისთვის პარლამენტში ყველა შანსი ამოიწურა და გადავდივართ კონკრეტულ ქმედებებზე, ეს პროცესი მოვა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების თვალში ეს შანსი არ ამოწურულა და არ გვინდა გიჟური პოზიციიდან გამომდინარე გავაფუჭოთ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება, რაც პროდასავლურ ოპოზიციასთან მიმართებით აქვთ. სახელმწიფო ინტერესებს არ დავაზიანებთ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ ვერ გამოვრიცხავ. რადგან მოვა დრო, როდესაც ყველა საბოლოოდ დაინახავს, რომ „ქართული ოცნებისგან“ არაფერი დადგება. ამ მომენტში ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას შორის დღეს გამართულ კონსულტაციას.

ვაშაძე აღნიშნულ პროცესს „ქართული ოცნების“ მხრიდან მოგონილ „თაღლითურ სქემას“ უწოდებს.

„ჯერ კიდევ ივლისში ვამბობდით, რომ ეს ხალხი, თაღლითურ სქემას მოიგონებს, რომ ხალხს თავგზა აუბნიოს. რა ქნეს - პროცედურები შეცვალეს, თაღლითური სქემა მოიგონეს, რადგან ბოლოს ულტიმატუმის ენით დაგვიწყონ საუბარი. ახლა წამოგვიყენეს ულტიმატუმი: მე ვინც მომწონს, იქიდან აირჩიეთ და ვინც სამოქალაქო სექტორს მოსწონს, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელიაო. ეს რეალობაა, ამიტომაც დრო არ დამიკარგავს მათთან შეხვედრაში. არ ვაკრიტიკებ ოპოზიციას, ვინც შეხვდა. კი ბატონო, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო. მგლის თავზე სახარების კითხვასავითაა „ქართულ ოცნებასთან“ ამ ტიპის მუშაობა. ძალიან ვწუხვარ, „ქართულმა ოცნებამ“ მაინც ვერ გაიგო, რომ რეალურად კომპრომისზე უნდა წასულიყო, თუმცა ამის მოლოდინი არც მქონდა. ჩვენი პოზიცია უცვლელია. სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ სამივე კანდიდატს ჩვენი - „სტრატეგია აღმაშენებლის“ მხარდაჭერა ექნება. რაც შეეხება ულტიმატუმს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წამოაყენა, ამ ულტიმატუმის ენით თქვენს თავს ესაუბრეთ. უფრო მეტიც, ამ სამის მიღმა პარლამენტში ყველა კანდიდატი რატომაა იცით წარდგენილი? - პროცესი რომ არ ჩავარდნილიყო. "მოქალაქეებმა" წარადგინეს უბრალოდ იმიტომ, რომ კონკურსი არ ჩავარდესო. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ გაამჟღავნა თავისი თავი, თურმე 5 კანდიდატი შემოგვიგდო.

შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. არ გავა? - სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებაზეა“. გაამჟღავნეს, რომ 5 შემოგდებული კანდიდატი ჰყოლიათ. ხომ ამბობდნენ, ოპოზიციის კანდიდატს დავუჭერთ მხარსო, როგორ მოხდა, რომ 5 კანდიდატზე გვითხრეს: „თქვენსას კი არ დავუჭერ, აი, 5 კანდიდატი და რომელსაც გინდათ დაუჭირეთ მხარი“. მთელი ეს პროცესი მოიგონეს იმისთვის, რომ ეს 5 კანდიდატი შემოეგდოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი