თენგიზ ფხალაძე - საქართველოსთვის მთავარია, მზად ვიყოთ რუსეთში გარდაუვალი ცვლილებებისთვის და გამოვიყენოთ ეს მოცემულობა ბოროტების იმპერიის გავლენებისაგან საბოლოოდ თავის დასაღწევად

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე 2022 წელს რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში, ამ ცვლილებების გათვალისწინებით სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს 2023 წელი ინტერპრესნიუსი“ ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის ECIPE-ის უფროს მკვლევარს, ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, შარშან ამ დროს, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დასავლეთს, აშშ-სა და ნატოს პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა და 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება მოსთხოვა, რუსეთი აცხადებდა, რომ არ აპირებდა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებას. თუმცა, კრემლის მუქარებს კოლექტიურმა დასავლეთმა მაინც ადეკვატურად უპასუხა.

მაგრამ, დადგა 2022 წლის 24 თებერვალი, დღე, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო. ომი დაიწყო და დღემდე გრძელდება.

ვხედავთ, რომ ევროპის ქვეყნები და აშშ იარაღით, ჰუმანიტარული დახმარებითა და სხვა სახის დახმარებებით ეხმარებიან უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. რამშტაინის შეხვედრების ფარგლებში, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მოწოდების საკითხები განიხილება, არა ერთი შეხვედრა გაიმართა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეცხრე პაკეტი შეიმუშავა. ფაქტია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის პირობებში კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს ეკონომიკური, ენერგეტიკული, ფინანსური, ფინანსური, ტექნოლოგიური, საინფორმაციო და ჰიბრიდული ომი.

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე რა ტიპის და როგორი ცვლილებებია მომხდარი მსოფლიო პოლიტიკაში?

- ცვლილებები მართლაც მასშტაბურია და ყველა განზომილებას შეეხო: პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ფინანსური სფერო, ინფრასტრუქტურა, კიბერ სივრცე.... არაფერი დარჩენილა, რასაც ომი პირდაპირ თუ ირიბად არ შეხებია, თუმცა უმთავრესი არის მსოფლიო წესრიგი და უსაფრთხოების სისტემის ცვლილება.

აქედან გამომდინარე იცვლება ყველაფერიც. მსოფლიო არამხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ეკვივალიბრუმის ძიებაშია, არამედ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იქმნება, სადაც რუსეთს აღარ და ვეღარ ექნება ის როლი, ის პრივილეგია, რითაც აქამდე სარგებლობდა.

მსოფლიო არამხოლოდ ახალი გეოპოლიტიკური ეკვივალიბრუმის ძიებაშია, არამედ უსაფრთხოების ახალი არქიტექტურაც იქმნება, სადაც რუსეთს აღარ და ვეღარ ექნება ის როლი, ის პრივილეგია, რითაც აქამდე სარგებლობდა

ეს ყოველივე კი თავად რუსეთის აგრესიული, იმპერიულ-რევანშისტული და უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია. ომისთვის რუსეთი დიდ ხანს ემზადებოდა და თქვენს მიერ ნახსენები ულტიმატუმებიც ამის ნაწილია. გარდა იმისა, რომ ულტიმატუმის მოთხოვნებიც აბსურდული იყო, თავად ფორმაც მიუღებელი იყო. როცა პრობლემის მოგვარება სურთ, ასე არ საუბრობენ.

რუსეთის ამოცანა იმთავითვე ვითარების დაძაბვა, დასავლეთის დაშინება და უკრაინაში შესაჭრელად კაზუს-ბელის შექმნა იყო. მერწმუნეთ, დასავლეთი ულტიმატუმს რომც დათანხმებოდა, შედეგად კიდევ უფრო აგრესიულ რუსეთს მიიღებდა. საბოლოო ჯამში პუტინმა ვერც დასავლეთის ერთიანობა გათვალა, ვერც უკრაინის ეროვნული მედეგობა და შედეგად სრულიად საპირისპირო მოცემულობა დადგა: კრემლის პოლიტიკის სრული კრახი უკრაინაში, სანქციები და საერთაშორისო ზეწოლა.

ნეიტრალურმა ქვეყნებმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე და ნატოს შეუერთდნენ, შედეგად ნატო სწორედ რუსეთის საზღვრებთან უპრეცედენტოდ გაფართოვდა. მოსკოვი თავიდან კი იქადნებოდა შვედეთისა და ფინეთის მისამართით, მაგრამ როგორც კი დასავლეთის ერთიანობა დაინახა, რიტორიკა შეარბილა და უკან დაიხია. როგორც ხდება ხოლმე.

იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა აქვს, თუკი მოცემულობას სწორად გამოვიყენებთ და საკუთარ თავს თავადვე არ დავაზარალებთ

უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეპტში პირველად იქნა აღიარებული რუსეთი საფრთხედ, ევროკავშირმა კი გაფართოების პოლიტიკას გადახედა და დღეს, უკვე გერმანიის კანცლერი ალაპარაკდა ერთიან ევროპაზე „ლისაბონიდან თბილისამდე“.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, სადაც საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების შესანიშნავი პერსპექტივა აქვს, თუკი მოცემულობას სწორად გამოვიყენებთ და საკუთარ თავს თავადვე არ დავაზარალებთ.

- მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა უმრავლესობა ამბობს, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორც 2022 წლის 24 თებერვლამდე იყო, ვხედავთ, რომ უკრაინაში წარუმატებელი ომის მიუხედავად, რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მიმართ დამოკიდებულება არც ხელისუფლებაში და არც საზოგადოებაში არ იცვლება.

პუტინი იმუქრება, რომ 2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას მოახდენს, რომლებსაც უკრაინის ფრონტზე გაგზავნის. ვხედავთ, რომ რუსეთში კომკავშირისა და პიონერული ორგანიზაციის მსგავსი ორგანიზაცია „დვიჟენიე პერვიხ“ იქმნება. ამ პროცესში რომ პრეზიდენტი პუტინი მონაწილეობს, ამის ამსახველი მასალებიც ვიხილეთ. მოკლედ, პრეზიდენტი პუტინი „ჰიტლერიუნგენდის“ მსგავსი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს აყალიბებს.

ფაქტია, რომ რუსეთი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინა-რუსეთის ომი არ სწრაფად, და არც მალე არ დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი ამბობენ რომ კიევს იმდენ ხანს დაეხმარებიან, რამდენიც საჭირია, კითხვას მაინც ასე დავსვამდი - რამდენად მზადაა კოლექტიური დასავლეთი და აშშ რუსეთთან ხანგრძლივ დაპირისპირებაში იყოს პუტინის რუსეთთან?

- ამ კითხვას პირიქით დავსვამდი - რამდენადაა მზად თავად რუსეთი ასეთი დაპირისპირებისათვის? პასუხი ცალსახად უარყოფითია. ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის. ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული კანონზომიერებაცაა.

რამდენადაა მზად თავად რუსეთი ასეთი დაპირისპირებისათვის? პასუხი ცალსახად უარყოფითია. ამ ომს რუსეთი ვერ მოიგებს და მას დაეკისრება პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის. ეს არამხოლოდ პოლიტიკური, არამედ ისტორიული კანონზომიერებაცაა

თავის შინაარსით რუსეთის იმპერია ანაქრონიზმია, ისტორიულ-პოლიტიკური რუდიმენტი, რომელიც ტერიტორიული ექსპანსიის იდეას აღიქვამს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საფუძვლად. 21-ე საუკუნეში ასეთი ტიპის ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს.

პუტინმა ის წითელი ხაზები გადაკვეთა, რომელთა მიღმაც მხოლოდ ძალადობა და მუდმივი დესტაბილიზაციაა. მან საკუთარი თავი აქცია ტოქსიკურ პოლიტიკოსად, რომელთანაც ურთიერთობასაც ყველა ერიდება.

უკრაინაში შეჭრით პუტინი ვაბანკზე წავიდა და უკან დასახევი გზა მოიჭრა. შედეგად მისი გარემოცვა და მისი რეჟიმის დამფინანსებლებიც დიდი პოლიტიკური და ფინანსური წნეხის ქვეშ მოექცნენ. პუტინი აქამდე ხელშეუხებელი იყო, რადგან მის ქმედებებს კრემლის სისტემისთვის სარგებელი მოჰქონდა. დღეს კი იგი მხოლოდ ზიანის მომტანია.

დასავლეთი უაღრესად მტკიცე და ერთიანია საკუთარ გადაწყვეტილებებში. კრემლის იმედები, რომ „ევროპა გაიყინება“ და სოციალური პროტესტის ტალღა აიძულებს მას სანქციების შესუსტებას, ფუჭი აღმოჩნდა ეს მოსაზრება იმთავითვე საფუძველს მოკლებული იყო.

დასავლეთი უაღრესად მტკიცე და ერთიანია საკუთარ გადაწყვეტილებებში. კრემლის იმედები, რომ „ევროპა გაიყინება“ და სოციალური პროტესტის ტალღა აიძულებს მას სანქციების შესუსტებას, ფუჭი აღმოჩნდა ეს მოსაზრება იმთავითვე საფუძველს მოკლებული იყო

დასავლეთი ყოველდღიურად ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგორესურსებზე. რუსი ოლიგარქები არათუ შემოსავალს, არამედ უკვე არსებულ მრავალმილიარდიანი ქონებასაც კარგავენ. ზეწოლა რუსეთზე მხოლოდ და მხოლოდ გაიზრდება. რამდენ ხანს აიტანს მას რუსეთის პოლიტიკური, ფინანსური და ძალოვანი ელიტა, ეს მნიშვნელოვანი კითხვაა.

რუსეთში უკვე დაწყებულია დაპირისპირება ძირითადი გავლენის მქონე ჯგუფებს შორის. რამდენ ხანი დასჭირდება პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილებას, დამოკიდებულია უკრაინაზე. რამდენადაც სწრაფად მოხდება უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაცია, მით სწრაფად დასრულდება პუტინის მმართველობაც.

თუმცა ილუზიამ არ უნდა შეგვიპყროს. პუტინის წასვლა არ ნიშნავს დემოკრატიის გამარჯვებას. რუსეთის მმართველობის ძალოვან-კრიმინალური სისტემა იმდენად დიდი დაავადებაა, რომ იგი სწრაფად არ შეიცვლება.

მთელი რუსეთი დღეს იდეოლოგიური საწამლავითაა გაჟღენთილი და მისგან განკურნებას თაობები დასჭირდება. ეს პროცესი საკმაოდ რთული და მტკივნეულია. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მთავარია, მზად ვიყოთ რუსეთში გარდაუვალი ცვლილებებისთვის და გამოვიყენოთ ეს მოცემულობა ბოროტების იმპერიის გავლენებისაგან საბოლოოდ თავის დასაღწევად.

მთელი რუსეთი დღეს იდეოლოგიური საწამლავითაა გაჟღენთილი და მისგან განკურნებას თაობები დასჭირდება. ეს პროცესი საკმაოდ რთული და მტკივნეულია. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მთავარია, მზად ვიყოთ რუსეთში გარდაუვალი ცვლილებებისთვის და გამოვიყენოთ ეს მოცემულობა ბოროტების იმპერიის გავლენებისაგან საბოლოოდ თავის დასაღწევად

ეს არ არის მარტივი ამოცანა. მით უფრო მაშინ, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების ძირეულ პრობლემებს ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ და შიდაპოლიტიკურ კონიუნქტურაში ვართ ჩაკეტილნი.

- ევროპის დედაქალაქებში, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტებში სულ უფრო ხშირად მსჯელობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ჰააგის სასამართლოს სკამზე მოხვედრაზე.

პუტინს უხსენებენ ყველაფერს, პოლონური თვითმფრინავის რუსეთის ტერიტორიაზე კატასტროფას, რასაც პოლონეთის პოლიტელიტის საკმაოდ დიდი ნაწილი შეეწირა, ისე ტაილანდურ ბოინგს, რომელიც უკრაინის ცაზე იქნა ჩამოგდებული.

მოვლენათა ამ სცენარით განვითარებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ამას წინათ ჰააგის სასამართლომ საქართველო 2008 წლის ომში უდანაშაულოდ ცნო. უფრო სწორად ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ საქართველოს მხრიდან არც ერთ წარმომადგენელს ამ ომში დანაშაული არ ჩაუდენია.

არ ვიცი როგორ წარმოუდგენიათ დასავლელ პოლიტიკოსებს რუსეთში გადაწყვეტილებების მიმღებების უკრაინაში ჩადენილ დანაშაულობებზე ჰააგის სასამართლოში რუსეთის ხელისუფლების გასამართლება, მაგრამ, ფაქტია, რომ იმაზე, თუ როგორ დასრულდება უკრაინა-რუსეთის ომი ბევრადაა დამოკიდებული თუ როგორი იქნება ამ ომის შემდეგ მსოფლიო, მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი სისტემა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესებზე, რომელიც ახლა უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ხდება საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, პოზიციებს, საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას, საშინაო პოლიტიკაში დასავლეთისა და აშშ-ს მიმართ ბევრი თვალსაზრისით გაუგებარ რიტორიკას?

- ჰააგაში გამარჯვება მართლაც მნიშვნელოვანია. მეტი ასეთი გამარჯვება გვჭირდება და სწორედ ამაზე უნდა იყოს ჩვენი ძალისხმევა კონცენტრირებული. ჩვენი დაშლილ-დაქსაქსულობა საჩუქარია მოწინააღმდეგისთვის და ისიც ცდას არ აკლებს, რომ მეტად წაგვკიდოს ერთმანეთს. იგივე ხდება საერთაშორისო ასპარეზზეც.

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რაც ახლა საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებაში ხდება. ამაზე ადრეც გვისაუბრია და სამწუხაროდ ვითარება არ იცვლება. თუკი რამ კარგს ვაკეთებთ, იმასაც კი ვანგრევთ მეორე ხელით და საკუთარ თავს ყოველდღიურად ახალ-ახალ პრობლემას ვუქმნით. აღარ დავიწყებ ამ მაგალითების ჩამოთვლას. მთავარი ისაა, რომ ქვეყანა ზარალდება.

დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატიც უნდა იყოს და გაწევრიანების მოლაპარაკებებზე და ახალ ერთობლივ პროგრამებზე უნდა ვსაუბრობდეთ. ანაკლიაც აშენებული უნდა გვქონდეს, უსაფრთხოების ახალ გარანტიებს უნდა ვიღებდეთ და უკვე უნდა ვემზადებოდეთ ნატოს ვილნიუსის სამიტისთვისაც!

დღეს ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიო, იცვლება ევროპა, იცვლება შავი ზღვის რეგიონი და ჩვენ პროცესების ინერციით მიმყოლები კი არა, აქტიური მონაწილენი უნდა ვიყოთ. ამისთვის ყველაფერი გვაქვს და, რაც მთავარია, გვაქვს პარტნიორთა დაინტერესება და სურვილი დაგვეხმარონ და ამ დროს ისმის განცხადებები, რომლებიც ყოველივე ამას ძირს უთხრის. აზიანებს ათწლეულების განმავლობაში დიდი ძალისხმევით ნაშენებ სტრატეგიულ კავშირებს.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავზე ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთ რიტორიკას მოვისმენდი. აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის მიერ ქართული სახელმწიფოსათვის გაწეულ დახმარებაზე სალაპარაკოდ რამდენიმე ინტერვიუ არ გვეყოფა.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავზე ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთ რიტორიკას მოვისმენდი

არ მგონია, რომ პოლიტიკოსები, ვინც ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ განცხადებებს უხვად აფრქვევს, ამის ახსნა-განმარტებას საჭიროებდნენ. მათ ამ ინფორმაციაზე სრული წვდომა აქვთ და მიღებული ინფორმაციის შინაარსის გაგებისა და სათანადო დასკვნის გამოტანის უნარიც შესწევთ, მაგრამ ამჯობინებენ მოსახლეობა შეთქმულების თეორიებით კვებონ, ვიდრე საკუთარი შეცდომა აღიარონ და პასუხისმგებლობა აიღონ. ეს ყოველივე კი საბოლოო ჯამში საქართველოს აზარალებს. ზოგადად კი, კვლავაც გავიმეორებ, პოლიტიკოსები ისე იქცევიან, რის უფლებასაც თავად მოქალაქეები აძლევენ.

პოლიტიკოსები ისე იქცევიან, რის უფლებასაც თავად მოქალაქეები აძლევენ

- ცხადია, რომ უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე სწრაფად ვითარდება პროცესები სამხრეთ კავკასიაში, მხედველობაში მაქვს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე პროცესები არა მარტო ყარაბაღის გამო, მეორე მხრივ რეგიონში ანკარის გააქტიურება და ჩვენს სამეზობლოში, ჩვენგან არც ისე შორს ირანში მიმდინარე პროცესები.

ამას ემატება დაწყებული საუბრები თურქმენული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ, ასევე საუბრები და შესაძლებლობები არა მხოლოდ ენერგომატარებლების ტრანზიტის შესახებ.

აღარაფერს ვამბობ, საქართველოს ევროპულ პერსპექტივებთან დაკავშირებით გაჭიანურებულ პროცესებზე და იმაზე, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის საკითხში 2023 წლისთვის გადაიდო. რამდენად ადეკვატურად რეაგირებს რეგიონულ გამოწვევებზე საქართველოს ხელისუფლება?

- ეს სწორედ იმ გეოპოლიტიკური ცვლილებების შემადგენელია, რაზეც უკვე ვსაუბრობდი. საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება. ამაზე თუნდაც რამდენიმე დღის წინ გამართული ბუქარესტის უმაღლესი დონის სამიტიც მეტყველებს, სადაც შავი ზღვის ფსკერზე, საქართველოს გავლით, ტრანსრეგიონული ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს მწვანე შუქი საბოლოოდ აენთო.

დღეს ისტორიული მომენტია და მის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს

ასეთი პროექტები კიდევ ბევრია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შავი ზღვის ფსკერზე, ანაკლიის პორტი, თქვენს მიერ ნახსენები ენერგომატარებლების ტრანსპორტირება და სხვა. ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოვინდომეთ. მაგრამ თუ დროს და ენერგიას ისევ ოპონენტის ლანძღვას და სტრატეგიულ პარტნიორებთან და ზოგადად დასავლეთთან უაზრო ქიშპს მოვახმართ, არაფერი გამოვა. დღეს ისტორიული მომენტია და მის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს.

- ყველაფერ იმის გათვალისწინებით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, სავარაუდოდ, რა და როგორი ტიპის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ქვეყანას 2023 წელს ქვეყნის ევროპული პერსპექტივის რეალიზაციის გზაზე?

- პრობლემები ბევრია, მაგრამ ყველაფერი ორ მნიშვნელოვან მოვლენით შეგვიძლია შემოვსაზღვროთ:

პირველი - გაზაფხულიდან შემოდგომამდე მოხდება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის და ზოგადად პოლიტიკური პროცესის შეფასება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.

ამის საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსი მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, მეორედ გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

ჩვენ არ გვაქვს უფლება, მეორედ გავუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს

მეორე გახლავთ ნატოს მომავალი სამიტი ვილნიუსში. ძალიან სერიოზული ძალისხმევა და შეთანხმებული ქმედებები გვჭირდება, რომ მომავალი სამიტის ფინალური დოკუმენტი საქართველოსთვის პოლიტიკურადაც და პრაქტიკულადაც დაცულობის ახალი გარანტიების მომნიჭებელი იყოს.

ეს ორივე შესაძლებელია, თუკი მოვინდომებთ, ვიმუშავებთ და მთელი ყურადღებას ეროვნულ ინტერესებზე გადავიტანთ!

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა