ნიკა მელია - ზელენსკის თხოვნა, თუ კრემლის დირექტივა?! - ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას ეხმაურება, რომელშიც ზელენსკი მთავრობას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

მელია უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის გამოჩენილი ძალისხმევისთვის მადლობას უხდის.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე აცხადებს, ახლა ქართველმა ხალხმა პასუხი უნდა მიიღოს, ხელისუფლება „ზელენსკის თხოვნას შეასრულებს, თუ კრემლის დირექტივას“.

„მებრძოლი უკრაინის გმირმა პრეზიდენტმა და უმაღლესმა მთავარსარდალმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში საგანგებოდ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან ევროპაში. უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენის საკითხს იმ დიდი ისტორიული პროცესის უმნიშვნელოვანეს ნაწილად მიიჩნევენ, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს - „ის, რაც ახლა სააკაშვილის მიმართ ხდება, ბოროტებაა, ეს საქართველოს არ შვენის, ეს უნდა შეჩერდეს!”.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში. გადაწყვეტილება, რომელიც „დაიცავს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს“, გადაწყვეტილება, რომელიც შეაჩერებს ამ ბოროტებას, გადაწყვეტილება, რომელიც შველის საქართველოს! პრეზიდენტი ზელენსკი ასევე მიმართავს თავისი ხალხის მეგობარ ქართველ ხალხს, ყველა მოაზროვნე და წინდახედულ ადამიანს საქართველოში - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა. თუმცა, არჩევანი არის არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის, სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია! მიხეილ სააკაშვილი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ უმნიშვნელოვანეს ფიგურად რჩება, ის ამ ბრძოლის ცოცხალი სიმბოლოა, მისი განადგურება და დაღუპვა დაუშვებელია. მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაეჯაჭვა საქართველოს სახელმწიფოებრივ თავგადასავალს. მის თავისუფალ, ღირსეულ და ევროპულ მომავალს ზუსტად ისევე უდგას საფრთხე, როგორც ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაშია. ეს შეგვახსენა და დაგვიდასტურა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვამ. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - თავისუფლებისათვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტის,ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების ამ სავანიდან წამოსული დირექტივა. ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გადაწყვეტილებით - იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, გონივრული და წინდახედული, თუ იქნება სასიკვდილო განაჩენი. ზელენსკის თხოვნა, თუ კრემლის დირექტივა?! აი, ამაზე უნდა მივიღოთ პასუხი ჩვენ - ქართველებმა. ამ პასუხს ელოდება პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე, გმირი უკრაინელი ხალხი, მთელი ცივილიზებული მსოფლიო, დასავლეთის დემოკრატიული ინსტიტუტები. გავიმეორებ უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს: ეს ბოროტება უნდა შეჩერდეს! “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ძალიან მალე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თამასა ძალიან მაღლაა.

ბოლოს მადლიერებით მინდა მივმართო პრეზიდენტ ზელენსკის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა ქართველი პატრიოტის სახელით, უღრმეს მადლობას გიცხადებთ გამოჩენილი სიბრძნისა და თქვენი ძალისხმევისთვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მთელი ქართველი ხალხი აღფრთოვანებულია თქვენით და გულითადად გულშემატკივრობს უკრაინის და თქვენს ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. დიახ, ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. თქვენი ბრძოლა ამავდროულად, ჩვენი ბრძოლაცაა. თავისუფლება და სიმართლე გაიმარჯვებს. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას! დიდება თავისუფლებას!", - აცხადებს მელია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)