გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნების“ მოღალატეობრივი ქმედებების შედეგია, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებლობა აარიდა რუსეთს და ბრალს წარუდგენენ მხოლოდ ოსურ მხარეს

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოს მხრიდან, რომელიც ბრალს წარუდგენს მხოლოდ ოსურ მხარეს და არ წარუდგენს ბრალს რუსულ მხარეს, რომელმაც ჩაიდინა არაერთი სამხედრო დანაშაული. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მოღალატეობრივი ქმედებიდან გამომდინარე, აარიდა ჰააგის ტრიბუნალზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბევრი ტყუილი გააჟღერა. ვაშაძემ ბრიფინგზე ის მტკიცებულებები წარადგინა, რომლებიც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატსა და რუსული ინტერესების გატარებას ასახავს.

„ტყუილი ნომერი ერთი, თითქოს გამოძიება დაიწყო 2014 წლიდან და ჰააგა ჩაერთო 2014 წლიდან. ჰააგის სასამართლო ჩაერთო ამ საქმის მოკვლევაში 2008 წლის 10 აგვისტოდან, 10 აგვისტოდან ომი არც კი იყო დამთავრებული.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი - მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ანუ 2012 წელს, ჰააგის სასამართლოს პროკურატურის ყოველწლიური ანგარიშიდან გაქრა ტერმინი, რომ გამოძიება მიმდინარეობდა მათ შორის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით და დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ცნება, რომ მიმდინარეობდა 2008 წლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება.

მესამე, 2014 წელს თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ქართულმა მხარემ შეწყვიტა გამოძიება 2008 წლის ომთან დაკავშირებით და რაც ყველაზე საგანგაშო და მძიმეა, მათ დასკვნაც კი არ გააკეთეს, რომ აქვთ მტკიცებულება რუსული მხარის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ქართულმა მხარემ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა. ამით მათ გააგრძელეს საკუთარი სტრატეგია, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის დროს: პირველი, გამოერიცხათ რუსული მხარის დანაშაულებრივი ქმედება 2008 წლის ომთან დაკავშირებით და მეორე, მაქსიმალურად ემუშავათ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ქართველი სამხედროების და შემდგომ უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მომხდარიყო ჰააგის პროკურატურის მიერ ბრალის წარდგენა და ჰააგის ტრიბუნალზე წარმდგარიყვნენ ქართველი სამხედროები და მათი გავლით პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც იყო 2008 წლის ომის დროს.

2018 წელს ეს შინაარსი ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომლის მიერაც აყვანილ იქნა სპეციალური ბრიტანული ჯგუფი, დამოუკიდებელი საექსპერტო იურიდიული ჯგუფი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა სამშვიდობოების ეპიზოდი, სადაც ბრალს დებდა რუსული მხარე საქართველოს, თითქოსდა ჩვენი მხრიდან იყო ჩადენილი რაიმე საომარი დანაშაული. ამ ბრიტანულმა ჯგუფმა დეტალური შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ არანაირი ბრალი ქართულ მხარეს არ მიუძღვის და მიუძღვის რუსულ მხარეს. უფრო მეტიც, ამის შემდგომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოს მხრიდან, რომელიც ბრალს წარუდგენს მხოლოდ ოსურ მხარეს და არ წარუდგენს ბრალს რუსულ მხარეს, რომელმაც ჩაიდინა არაერთი სამხედრო დანაშაული“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა