ნათია მეზვრიშვილი - შავ ზღვაში ელექტროენერგიის კაბელი არ არის ღარიბაშვილის ან „ოცნების“ დამსახურება - ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება

ის განწყობები, რაც დღეს ევროპაში, განსაკუთრებით კი ბრიუსელში არსებობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკასთან მიმართებით, ნამდვილად არ არის კარგი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, „ეს იქნება ცალსახად იმ პოლიტის ლოგიკური შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს“.

„თამამად შეიძლება ითქვას - ის, რომ აქამდე მოვედით და ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა ევროკავშირმა, ეს არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების დამსახურება, რადგან ევროპაში ძალიან კარგად ხედავენ და პირდაპირ გვეუბნებიან, რომ არის უდიდესი უფსკრული მოქალაქეებს, მათ პროდასავლურ განწყობებსა და საქართველოს ხელისუფლებას, ხელისუფლების ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებს შორის. თუ ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ცალსახად იმ პოლიტიკის ლოგიკური შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს.

ხელისუფლება გვატყუებს ხოლმე, თითქოს არანაირი სხვაობა კანდიდატის სტატუსსა და ევროპულ პერსპექტივას შორის არ არსებობს. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ყველა ფორმატში ჩანდა, რომ ევროპა საქართველოს აღარ მოიხსენიებს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. პირდაპირ ამბობენ - „უკრაინა და მოლდოვა, ასევე საქართველო“. ეს ხდება მაშინ, როდესაც იგივე ევროკავშირი აღიარებს, რომ საქართველო იყო ასოცირებული „ტრიოს“ ჩემპიონი, საქართველო ბევრად წინ იყო საქართველოსა და მოლდოვაზე. უკრაინასაც და მოლდოვასაც დღესაც აქვს ისეთი გამოწვევები, რომელიც საქართველოს აღარ აქვს, თუმცა ეს შედეგი, რომელიც მივიღეთ, განპირობებულია საქართველოს ხელისუფლებით.

ევროკავშირის კარი არ იღება ყოველწლიურად - ბოლო მასშტაბური გაფართოება 2004 წელს მოხდა და ათეული წლების განმავლობაში შეიძლება კარი არ გაიღოს. დღეს ეს კარი რომ გაიღო, ეს არის უკრაინაში რუსეთის მხრიდან მიმდინარე ომის დამსახურება. პირდაპირ ძალიან მკაფიოდ გვითხრეს, რომ თუ გვინდა ევროკავშირი წევრობა, უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა - „იყავით უკრაინასთან ერთად კვალდაკვალ“. სწორედ ამიტომ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს არსებობა ერთი ქოლგის ქვეშ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მთავრობას ვიწროპარტიული, პირადი ინტერესით ომს კი არ უნდა უცხადებდეს გადატანითი მნიშვნელობით, არამედ მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ამ ქვეყნებთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს დააკავშირებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რაც სასიხარულო და მისასალმებელია. დიდი ხანია ამ თემაზე საუბარი მიმდინარეობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი. კარგად მახსოვს შავი ზღვის რეგიონში საქართველოს როლის ხაზგასმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ტოლობის ნიშანი არ უნდა დავსვათ ამ გადაწყვეტილებასა და ღარიბაშვილის ან „ოცნების“ დამსახურებას შორის, რასაც ეს ხელისუფლება აქტიურად ცდილობს. ეს არ არის ღარიბაშვილის ან „ოცნების“ დამსახურება, ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასევე, ხვალ თუ ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ესეც იქნება ევროკავშირის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ არა იმიტომ, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყვავის და ჩვენს ქვეყანაში არსებული ევროპულ ღირებულებებთან არის თანხვედრაში, არამედ იმიტომ, რომ ევროკავშირმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ ცვლის იმას, რომ ჩვენ დღეს გვყავს ანტიდასავლური ხელისუფლება, რომლის ინტერესში არ არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არც ევროკავშირში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო