ლევან დავითაშვილმა „ბიოქიმფარმის“ ფაგების მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ და GITA-ს ხელშეწყობით შეიქმნა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბიოფარმაცევტული კომპანია „ბიოქიმფარის“ ბაქტერიოფაგების ახალი მაღალტექნოლოგიური საწარმოს გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფაგის პრეპარატების პირველი ინდუსტრიული მასშტაბის მწარმოებელი ქარხნის გახსნას, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს აკმაყოფილებს, ასევე მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, FAO-ს პროექტების კოორდინატორი საქართველოში ხავიერ სანზ ალვარესი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ესწრებოდნენ.

სამინისტროს ცნობით, ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. კომპანიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირის, EBRD-ისა და FAO-ს ხელშეწყობით 17,5 მილიონი ლარის საინვესტიციო პროექტი განახორციელა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერასთან ერთად, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიოტექნოლოგიების მხარდაჭერა.

„ჩვენი სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ასევე „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი კომპანიების ინიციატივების იდენტიფიცირებას და მხარდაჭერას მუდმივად ახორციელებენ. მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. ამ კუთხით, როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან. ამიტომ მისასალმებელია, რომ ის ტრადიციები, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, შენარჩუნებულია. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოში შექმნილი პროდუქტი არის საექსპორტო და საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში. სახელმწიფო კი მსგავსი ტექნოლოგიური საწარმოების და ტექნოლოგიური პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

„ბიოქიმფარმის“ ახალმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.

ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, 60-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას ფლობს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო