ირაკლი ზარქუა - რადიკალური ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე მაინც და მაინც იმ კანდიდატებს „გვტენის“, ვინც ადამიანებს პირდაპირ რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ - მათი არჩევა გამორიცხულია

რადიკალური ოპოზიცია სახალხო დამცველის პოსტზე მაინც და მაინც იმ კანდიდატებს „გვტენის“, ვინც ადამიანებს პირდაპირ რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ - მთავრობა უნდა გადავაგდოთ, მოვსპოთ და გადავუაროთო - მათი არჩევა გამორიცხულია! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, თუ მხარეები სახალხო დამცველის საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდებიან, “ეს რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება“.

ზარქუა აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ ომბუდსმენის პოსტზე დასახელებული ის ხუთი კანდიდატიც, რომელზე შეთანხმებისთვის მმართველი გუნდი მზად არის, თავად ოპოზიციის მიერ არის წარდგენილი.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ეს ნაწილი შესრულებულიყო.

“ჩვენ ვთქვით, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისად პლატფორმას შევქმნიდით, რათა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი უფრო ღია და დემოკრატიული ყოფილიყო. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებმა კომისია დაკომპლექტდეს. ვთქვით, რომ სახალხო დამცველის კანდიდატები ოპოზიციამ აირჩიოს. რეგისტრირებული იყო 19 კანდიდატი, ბოლოს რვა კანდიდატზე ჩამოვყალიბდით. რადიკალური ოპოზიცია მაინც და მაინც იმ კანდიდატებს გვტენის, ვინც პირდაპირ ადამიანებს რევოლუციური სცენარისკენ მოუწოდებდნენ - მთავრობა უნდა გადავაგდო, მოვსპოთ და გადავუაროთო. ამ მოწოდებებს აკეთებდნენ და ჩვენს მხარდამჭერებს საშინელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. როგორ, რანაირად?! - აგერ, მათ მიერ კიდევ ხუთი კანდიდატია დასახელებული, მათგან ნებისმიერი აირჩიონ და ვიმსჯელებთ. ვეუბნებით, ჩამოყალიბდი-თქო. არა, მაინც და მაინც ის უნდათ, ვინც რევოლუციურ სცენარს გვთავაზობდა. ამ ყველაფერში შემჩნეული გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე იყვნენ. მათი მხრიდან მოწოდებები იყო, რომ ლეგიტიმური ხელისუფლება დაემხოთ. ასეთ კანდიდატებს პირადად მე მხარს არ დავუჭერ. დანარჩენ ხუთ კანდიდატს არც ვიცნობ, მაგრამ ნეიტრალური იყოს და ყველას უფლება დაიცვას. კანდიდატები მათი არჩეული და შერჩეულია - ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მიგვიღია.

პარტიული ინტერესების დამცველი ლომჯარია ერთხელ უკვე გვყავდა. წესით, მეორე შეცდომა არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

“ქართული ოცნება“ სახალხო დამცველის პოსტზე ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს მხარს არ უჭერს. მმართველი გუნდის შეთავაზებაა პარლამენტმა გადაწყვეტილება შემდეგ ხუთ კანდიდატს: - ლელა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მარიამიძესა და ქეთევან ჩაჩავას კანდიდატურებს შორის მიიღოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო