საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღნიშნეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერები, კომპანიების - „ჰაიდელბერგცემენტი“, “ჯორჯიან მანგანეზი“ და „რუსთავის აზოტი“ ხელმძღვანელი პირები, ქიმიისა და მეტალურგის დარგის სპეციალიტები და მეცნიერ-მკვლევრები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა დეკანმა, პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა. მან მიმოიხილა ფაკულტეტის ისტორია და ისაუბრა იმ წარმატებულ პროექტებზე, რომელიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა განახორციელეს. ნუგზარ წერეთელმა მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს უნივერსიტეტში „ფაკულტეტის დღის“ დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც პროფესორი დავით გურგენიძე თითოეული ფაკულტეტის, მეცნიერისა და სტუდენტის მიმართ იჩენს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. დღეიდან სტუ-ში აღინიშნება ფაკულტეტის დღე. სიმბოლურია რომ პირველი ღონისძიება, წარსული ტრადიციების გათვალისწინებით, სწორედ ჩვენგან და იმ კორპუსიდან დაიწყო, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში სპეციალურად ჩვენი ფაკულტეტისათვის აშენდა. დიდი მადლობა ბატონ რექტორს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის“, - განაცხადა პროფესორმა ნუგზარ წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ ღონისძიების ფარგლებში ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე გახსნა ნიკოლოზ და გურამ ქაშაკაშვილების დარბაზი, „ჰაიდელბერგცემენტის“ აუდიტორია, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ფოტოექსპოზიცია. სტუ-ის რექტორმა თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა:

„ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ერთადერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია ქვეყანაში, რომელიც უკვე 100 წელია ამზადებს სპეციალისტებს ქიმიური და მეტალურგიული ტექნოლოგიების მიმართულებით და აღნიშნული პროფილის საწარმოებს კადრებით უზრუნველყოფს. ფასდაუდებელია ის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელიც დაგვიტოვეს ფაკულტეტის ღვაწლმოსილმა ამაგდარმა მეცნიერებმა. ამ ფაკულტეტზე მოღვაწეობდნენ ისეთი დიდი მეცნიერები, როგორებიცაა: გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, დიმიტრი ერისთავი, ნიკოლოზ ლანდია, ვასილ კაკაბაძე, რაფიელ აგლაძე, კალისტრატე ქუთათელაძე, გივი ცინცაძე, ნიკოლოზ ბექაური და ბევრი სხვა. დღეს მათ გზას წარმატებით აგრძელებენ ახალგაზრდა მეცნიერები და მათი მასწავლებლები, რომელთა შრომა უნივერსიტეტისა და ქვეყნის წინაშე ფასდაუდებელია. მინდა წარმატებები ვუსურვო ფაკულტეტს, ამაგდარ მეცნიერებს და სტუდენტებს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას ჰქონდა საშუალება დაეთვალიერებინა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა ნამუშევრების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო პროფესორ ეკა ხარაშვილის მხატვრული კერამიკა, პროფესორ ვოვა გორდელაძის მინანქარი, პროფესორ მამული ჯიგაშვილის ლითონის მხატვრული ჩამოსხმა და მალხაზ ცუცუნაშვილის ხის ნაკეთობები და სხვა.

ღონისძიების დასასრულს, დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, განსაკუთრებული აკადემიური და სამეცნიერო ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, თამაზ გაბადაძეს; განსაკუთრებული დამსახურებისთვის საპატიო სიგელები გადაეცათ ფაკულტეტის თანამშრომლებს ნინა ბუჩუკურსა და გივი რაზმაძეს. რექტორმა ასევე დააჯილდოვა ფაკულტეტის სამივე საფეხურის წარმატებული და მაღალრეიტინგული სტუდენტები.

ინფორმაციისთვის, სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე სწავლება ხორციელდება 8 საბაკალავრო, 6 სამაგისტრო და 4 სადოქტორო პროგრამებზე. საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით ფაკულტეტი მალე განახორციელებს მიღებას “მეტალურგიისა” და “ფარმაციის” ინგლისურენოვან პროგრამებზეც. ფაკულტეტზე მოღვაწეობს 116 აკადემიური პერსონალი, მათ შორის: 43 პროფესორი, 51 ასოცირებული პროფესორი, 20 ასისტენტ-პროფესორი და 2 ასისტენტი. ფაკულტეტზე მოღვაწე აკადემიური პერსონალის სამეცნიერო თემატიკა ეფუძნება, როგორც ფუნდამენტურ მეცნიერულ კვლევებს, ასევე გამოყენებითი მეცნიერების წინაშე მდგარ რეალურ პრობლემებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო