ნიკა სიმონიშვილი - ვერ ვიგებთ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებული პროცესისგან - დაუსაბუთებლად ამბობს უარს ადამიანებზე, რომლებსაც სამოქალაქო სექტორიც უჭერს მხარს და შეფასების ჯგუფიც

„ქართული ოცნება“ დაუსაბუთებლად ამბობს უარს ადამიანებზე, რომლებსაც სამოქალაქო სექტორიც უჭერს მხარს და შეფასების ჯგუფიც - ვერ ვიგებთ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესისგან , - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, თავიდანვე იყო შესაძლებლობა, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ჩავარდნილიყო და შემდეგ პოლიტიკური პოლარიზებას დაჰბრალებოდა და ახლა თუკი პროცესი ახლა ჩავარდება, „ქართული ოცნება“ ოპოზიციისკენ ხელის გაშვერას დაიწყებს.

„კანდიდატებს, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ, საუკეთესო შეფასებები ჰქონდათ. „ქართული ოცნება“ ყველანაირი არგუმენტების გარეშე ამ ადამიანებზე ამბობს უარს და საპირისპიროდ არავისზე საუბრობს. ეს ყველაფერი მიჩენს ეჭვს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის კონსენსუსისკენ უფრო მეტად მოტივირებული. არ ვიცი, მოლაპარაკებებზე რა ხდება და ოპოზიცია რას ლაპარაკობს. შეიძლება ოპოზიციის ბრალიც იყოს. მაგრამ ინფორმაცია, რაც ზედაპირზე გვაქვს, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ „ქართული ოცნება“ დაუსაბუთებლად ამბობს უარს ადამიანებზე, რომლებსაც სამოქალაქო სექტორიც უჭერს მხარს და შეფასების ჯგუფიც, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ შექმნა. საბოლოოდ, დაუსაბუთებელი უარი გვაქვს და ვერ ვიგებთ, რა უნდა „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესისგან“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

სიმონიშვილის შეფასებით, თუ კანდიდატზე კონსენსუსი ვერ შედგება, ეს პრობლემა იქნება, მაგრამ „კონსენსუსი შედგეს ისეთ ადამიანზე, ვინც სათანადო კვალიფიციურობით და სანდოობით ვერ გამოირჩევა, ვერც ეს ჩაითვლება ევრორეკომენდაციის შესრულებად“.

„როდესაც პოლიტიკურ კონსენსუსამდე ვერ მიდიან მხარეები და ეს ხდება დახურულ კარს მიღმა, რთულია იმაზე საუბარი, ვისი ბრალია და ვისი - არა. გასაგებია, რომ კონკრეტულ პარტიებს პარტიული დღის წესრიგი აქვთ, თუმცა ესაა საკითხი, როდესაც პარტიული დღის წესრიგი გვერდზე უნდა გადადო. უფრო მეტად აქცენტი მაქვს ხელისუფლებაზე, რასაც ერთი შეხედვით ვხედავ, თუმცა, ზოგადად, როდესაც პოლიტიკურ კონსენსუსზე ვსაუბრობთ, ორმხრივი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, ვის მეტი ბრალი აქვს და ვის ნაკლები. შესაძლოა ერთმა ხმამ გაჭედოს პროცესი და მასზე იყოს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ნიკა სიმონიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხზე.

სიმონიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა, შეწყალების უფლება გამოიყენოს. რაც შეეხება სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას, სიმონიშვილის შეფასებით, „ამ კადრების გასაჯაროებას არანაირი კანონიერი ინტერესი არ გააჩნდა“.

„ამ კადრების გასაჯაროების, პოლიტიკური ინტერესი შესაძლებელია იყო და დიახ, იყო. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოლიტიკური ინტერესი დაიკმაყოფილა. მაგრამ საზოგადოებას აინტერესებს ჩემი პირადი ცხოვრება და ამიტომ პერსონალური მონაცემები გავასაჯაროოთ - ეს მიდგომა კანონით დაუშვებელია. შეიძლება მთელ საზოგადოებას აინტერესებდეს რაღაც, მაგრამ არ გავასაჯაროოთ იმიტომ, რომ რეალური საჯარო ინტერესი არ იყოს. ამ შემთხვევაში კანონისმიერი ინტერესი რა შეიძლებოდა ყოფილიყო - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა თუ არა. ცუდად რომ არის, ვიცით ისედაც და ამ კადრებითაც ვნახეთ. რისი დამტკიცება სცადეს, ვერ გავიგე და ვერ ვხვდები, რას მიაღწიეს. ასევე კანონიერი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო ის, არის თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთი, რომ სასჯელისგან გათავისუფლდეს. კადრებით როგორ შეიძლება ან ერთი დადასტურდეს, ან მეორე. ამას სჭირდება შესაბამისი სამედიცინო ექსპერტული დასკვნა. ამიტომ ამ კადრების გასაჯაროებაზე არანაირი კანონიერი ინტერესი არ არსებობდა. მთელ საზოგადოებას რომ აინტერესებდეს მიხეილ სააკაშვილი რა პირობებში იმყოფება „ვივამედში“ და რას აკეთებს იქ, ეს ცალკე აღებული არ შეიძლება კადრების გასაჯაროებას დაედოს საფუძვლად“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს