მალხაზ ურთქმელიძე - სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, მათ შორის მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ.

როგორც ურთქმეიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს 31 მაისს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩაუტარდა ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა, რაც გულისხმობს ერთნაირი სიმპტომის მქონე დაავადებების ერთმანეთისგან გამოყოფისა და ეტიოლოგიური ფაქტორის დადგენას. ჩატარებული კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ ყველა მაჩვენებელი იყო ნორმის ფარგლებში.

როგორც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, MAYO CLINIC-ის ლაბორატორიის პარამეტრების თანახმად, რომელიც წამყვან ლაბორატორიად ითვლება, მსჯავრდებულის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ვერცხლისწყლის დასაშვები ნორმა. ეს ზუსტად კვლევის ის მეთოდია, როგორც აწარმოეს ამერიკულ ლაბორატორიაში. ასევე, DOCTOR’S DATA ლაბორატორიის მაჩვენებლების თანახმად, სააკაშვილის თმაში ნანახი პარამეტრები აქაც ნორმის ფარგლებშია.

„მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით და ჩვენ მიერ დაზუსტებული მონაცემებით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა მალხაზ ურთქმელიძემ.

მისივე განმარტებით, საუბარი იმის შესახებ, რომ იყო მოწამვლა, მითუმეტეს, პენიტენციურ დაწესებულებაში, უკვე აბსურდული კი არა, სასაცილოა და ამან უკვე გროტესკული ფორმა მიიღო.

„ჩვენ ამის შესახებ განცხადების გაკეთებას არ ვაპირებდით, მაგრამ ეს უკვე ზღვარს ზევითაა. არავითარი მოწამვლა, მათივე საბუთებითაც კი, არ დასტურდება“, − აცხადებს მალხაზ ურთქმელიძე.

ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის თქმით, როცა საუბარია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით, გაუგებარია, რატომ აცხადებს უარს თავად მსჯავრდებული ანალიზების აღებაზე.

ურთქმელიძის თქმით, ყველა ადამიანს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება აქვს, მაგრამ ეს მოწამვლას არ ნიშნავს.

„რადგან ასეთი რამ გაჟღერდა, მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, თუმცა, ნიმუშების მოცემაზე მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. თუ გვინდა, ობიექტურობასთან ახლოს მივიდეთ და გვინდა, დავადასტუროთ, არის თუ არა აქ რაიმე − რას ემსახურება ანალიზის არმიცემა, გაუგებარია. დღესაც, რამდენადაც ვიცი, უარი განაცხადა კვლევის ჩატარებაზე. ეს რას ემსახურება, თქვენ გადაწყვიტეთ. რაც ვნახეთ და შევისწავლეთ, თვალში ნაცრის შეყრას ჰგავს. ძალიან ვთხოვთ ყველას, უმიზეზო და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან თავი შეიკავონ. რა მოწამვლაზეა საუბარი − ეს უკვე გროტესკია. ყველას გვაქვს სისხლშიც, თმაშიც და ყველანაირ ბიოლოგიურ სითხეში ესა თუ ის ნივთიერება, მაგრამ ეს არ ნიშნავს მოწამვლას. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს არის ნამდვილად საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მთელი პასუხისმგებლობით ვიმეორებ: მათ მიერვე მოწოდებული ინფორმაციით, არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ“, − განაცხადა ჟურნალისტებთან მალხაზ ურთქმელიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო