შალვა ხაჭაპურიძე - პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვეკითხები: რა იწვევს იმ მდგომარეობას, რაშიც სააკაშვილი იმყოფება? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყოველდღე ტემპერატურა აქვს - ჩვენი მიზანი არაა პიარი, მიზანია ადამიანის გადარჩენა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ის ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე საუბარს სატელევიზიო ეთერების გამოყენებით არ აპირებს, რადგან ამ საკითხებზე სასაუბროდ არსებობს სასამართლო პროცესი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კლინიკა „ვივამედთან“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელ მალხაზ ურთქმელიძის ტოქსიკოლოგიურ დასკვნებთან დაკავშირებულ განცხადებებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ სატელევიზიო ეთერებში განვიხილოთ საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მითუმეტეს, რაც ეხება სამედიცინო საკითხებს. ხვალიდან იწყება ექსპერტების დაკითხვა სასამართლო პროცესებზე. ეს საკითხები დასმული იქნება, მათ შორის, ურთქმელიძეცაა მოწმედ დაბარებული და იქ შეუძლია ისაუბროს ტოქსიკოლოგიურ საკითხებზე. თუმცა პირველი კითხვა, რასაც დავუსვამ მას იქნება ის, თუ რა იწვევს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ახლა სააკაშვილი იმყოფება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მას აქვს 38 ტემპერატურა ყოველდღე. გაგვცეს ამაზე პასუხი, თერაპევტია და გვიპასუხოს. ამისთვის გამოყოფილია სასამართლო დარბაზი.

რაც შეეხება ურთქმელიძის განცხადებებს, ახლა მიდის პიარკამპანიები, უნდათ პიარით გადაიფაროს ეს თემები. ჩვენი მიზანი არაა პიარი, ჩვენი მიზანია ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ამისთვის დანიშნულია სასამართლო პროცესი და სასამართლო პროცესზე იქნება კითხვები. პირველ რიგში, ხვალ უცხოელი ექსპერტები დაიკითხებიან“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

რაც შეეხება ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრების საკითხს, ხაჭაპურიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე ჩართავენ.

„მიყვანით ალბათ, არ მიიყვანენ, მაგრამ იმედია, ჩართავენ. დაბადების დღე მივულოცე, თუმცა საზეიმო განწყობაზე არაა ნამდვილად. ადამიანს აქვს 38 სიცხე, დღეს გაირკვა, რომ ტოქსიკოლოგი ჰყოლიათ. ვინ და რატომ, ეს მიხეილ სააკაშვილს არ ახსოვს. შეამოწმებინეს და ტოქსიკოლოგმა რაღაც რეკომენდაციები გასცა“, - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ უწყებისთვის მოწოდებული ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის ფაქტი არ დასტურდება. მისივე თქმით, სააკაშვილის ორგანიზმში არცერთი მაჩვენებელი არ სცდება ნორმას და არის ნორმაზე მკვეთრად ქვემოთ, მათ შორის მის თმაში ნანახი ვერცხლისწყალი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე დასაშვები ნორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა