შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცობით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, როგორც გაუჩინარებულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის, მათი ოჯახების მხარდაჭერის, ისე ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის თვალსაზრისით. მათივე ცნობით, სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის აქტუალური საკითხები, არსებული გამოწვევები და სამომავლო ხედვები.

აღინიშნა წლის მანძილზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით, თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე.

„მოგეხსენებათ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, წელს ჩვენ დავიწყეთ წითელ ჯვართან დისკუსია-კონსულტაციები საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დიდწილად გულისხმობს პროგრამაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

დღევანდელ სხდომაზე ჩვენ შევაჯამეთ განხორციელებული საქმიანობა, მიღწეული შედეგები და ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულ საკითხებზე, რაც მიმართული იქნება პროგრამის ეფექტიანობის შემდგომ გაზრდაზე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული ქმედებების გაძლიერებაზე, ოჯახებთან უფრო აქტიურ კომუნიკაციასა და რაც მთავარია, უგზო-უკვლოდ დაკარგული მეტი პირის მოძიებისთვის სათანადო შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. პროცესში ჩართული უწყებების ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-ანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციისა და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი. ამ დრომდე, იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 230 პირის ნეშტი.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი