მიხეილ სარჯველაძე - საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ სააკაშვილი მოწამლა - არის ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმ განცხადებისთვის, რომ ვინმემ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწამლა.

მან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განცხადება და შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება კვლევებსა და დოკუმენტებს ეფუძნება.

„ეს მისი მოსაზრება კი არ იყო, მან მიუთითა კონკრეტულ ანგარიშებზე, კონკრეტულ კვლევებზე და ინფორმაციაზე, რომელიც პენიტენციური სამსახურის ხელთ არის ყველა წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით. როგორც მოვისმინე, ურთმელიძე ამბობდა იმას, რომ იმ ნივთიერებების დასაშვებ დოზას, რომლის არსებობაზეც კეთდებოდა შორს მიმავალი დასკვნები, არ აღემატება. ამის გათვალისწინებით, არავითარი საფუძველი არ არსებობს განცხადებისთვის, რომ ვინმემ ვინმე მოწამლა. რასაკვირველია, ობიექტურად ამას არავითარი დასაყრდენი არ გააჩნია. ეს თქვა იმ ადამიანმა და ვფიქრობ, ეს არ არის საკითხი, რომელიც სუბიექტური შეფასების დონეზე შეიძლება წყდებოდეს. ეს არის ყველაფერი გაზომვადი კრიტერიუმებით. არ მგონია უბრალოდ, რომ ამაზე კამათი ღირდეს. უნდა ვნახოთ ფაქტები. ფაქტები თუ არის ისეთი, როდესაც დასაშვებ ნორმას არ აღემატება რაღაც ნივთიერების შემადგენლობა ორგანიზმში, ამის შემდეგ, როგორ შეიძლება კამათი იმასთან დაკავშირებით, მოწამვლა არის თუ არა და რაღაც ბნელ ოთახში კატის დაჭერის მცდელობები“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი მიეწოდება. ამასთან, სარჯველაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სასაყვედურო არავის არაფერი აქვს.

„მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა სერვისი სჭირდება, რომელზეც ხელი არ მიუწვდება. თუ ვინმეს ასეთი მოსაზრება აქვს, მითხარით და ვიმსჯელოთ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია და ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ მოსმენილი, შემოწმებულია ეს ყველაფერი. ნებისმიერი სამედიცინო სერვისი, რომელიც სააკაშვილს ესაჭიროება, დიახ, რა თქმა უნდა, ამის მიწოდებაზე პასუხისმგებელი და ვალდებული არის სახელმწიფო. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია და ამ კუთხით სასაყვედურო მერწმუნეთ არავის აქვს. თუ ასეთი რამ არსებობს, ვინმეს ეგულება რომელიმე დიაგნოზი, მკურნალობის რომელიმე მეთოდი დიაგნოზიდან გამომდინარე, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და ხელმიუწვდომელია, ბრძანეთ და ერთად ვიმუშაოთ, რომ ხელმისაწვდომი გახდეს. მხოლოდ მას შემდეგ, თუ აღმოჩნდება, რომ ასეთი სერვისი საქართველოში ხელმიუწვდომელია, მერე შეუძლია ყველამ დაიწყოს საუბარი უცხოეთში გაყვანის საჭიროებაზე. როგორ და რა წესით, ეს კიდევ სხვა საკითხია. ერთი წელია ვითხოვ, რა სჭირდება ის სერვისი, რომელიც მიუწვდომელია და არავის დაუსახელებია, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ეს რეკომენდებულია სახალხო დამცველის დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტების მიერ. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა და საჭირო სამედიცინო მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო