თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ პროფესორებს და მოწვეულ ლექტორებს შეხვდა, რომლებიც მომავალი წლის გაზაფხულის სემესტრში ერთი კვირის განმავლობაში ევროპულ უნივერსიტეტებში ლექციებს წაიკითხავენ.
თსუ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრის კონკურსის ფარგლებში, ერასმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამით სწავლების მობილობის გრანტი თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტიდან 60-მდე აკადემიურმა პერსონალმა მოიპოვა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ ევროპულ უნივერსიტეტებთან პროფესორებისა და სტუდენტების მობილობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორული კავშირების გაფართოებაზე ისაუბრა.
სამუშიას თქმით, მომდევნო წელს თსუ-ელები უფრო მეტი გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ.
„ვაპირებთ, რომ გაცვლითი პროგრამების დროს ჩატარებული აქტივობები პროფესორების დატვირთვაზე აისახოს. ამასთანავე, ვგეგმავთ, რომ დამატებითი წახალისების პროგრამა დავნერგოთ იმ პროფესორებისთვის, რომლებიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ევროპულ უნივერსიტეტებში ლექციებს წაიკითხავენ. პარალელურად, იმ ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების უფრო დახვეწას და გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ, რომელსაც ჩვენთან გაცვლითი და მობილობის პროგრამების ფარგლებში ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს ვთავაზობთ“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, ერასმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში თსუ-ს აკადემიური პერსონალი ევროპულ უნივერსიტეტებში 8-საათიან სალექციო კურსს ჩაატარებს. ევროკავშირი პროგრამას თსუ-სა და მისი პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ მოპოვებული მიზნობრივი გრანტების ფარგლებში, სრულად აფინანსებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2015 წლიდან დღემდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ 420-ზე მეტ პროექტში მონაწილეობს ევროპის 29 ქვეყნის 150-ზე მეტ უნივერსიტეტთან ერთად.
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას თქმით, პროექტის დაწყებიდან დღემდე, 4 ათასამდე მობილობა განხორციელდა.
„პროექტის დაწყებიდან დღემდე 4 ათასამდე მობილობა განვახორციელეთ. ევროპულ უნივერსიტეტებში ჩვენი პროფესორები და სტუდენტები გავუშვით და ევროპული უნივერსიტეტებიდან თსუ-ში სტუდენტები და აკადემიური პერსონალი მივიღეთ. ამ პროგრამის ფარგლებში მომავალი წლის მხოლოდ თებერვალში, თსუ-ში 21 ევროპული ქვეყნის უნივერსიტეტების 70 წარმომადგენელს მივიღებთ”,- აღნიშნა თეა გერგედავამ.