ძმები კაკულიების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება, თუ როგორ მოხვდა ბრალდებულების ხელში ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი

არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიების ადვოკატი, მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას ეკუთვნის.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს აქვს შეკითხვა, საიდან აღმოჩნდა ყოფილი პრემიერის იარაღი კაკულიებთან.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაუსვეს შეკითხვა დღეს, სასამართლოში მოწმე ლევან ვაჩნაძეს, რომელმაც არაყიშვილის ქუჩაზე მომხდართან მისცა ჩვენება სასამართლოს და რომელიც „გამოძიების ოქროს მოწმეა“.

გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოკითხულია ზურაბ ჟვანიას მეუღლე, რომელიც ადასტურებს, რომ მისი მეუღლის გარდაცვალების შემდგომ სახლიდან რამდენიმე იარაღი გაქრა, დაიკარგა.

„მოწმე ლევან ვაჩნაძე არის ზურაბ ჟვანიას მეზობელი, მან დაადასტურა მეზობლობა. საქმეში ფიგურირებს იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია ზურაბ ჟვანიას სახელზე. შესაბამისად, საქმეზე გამოკითხულია ზურაბ ჟვანიას მეუღლე, რომელიც ადასტურებს, რომ ზურაბ ჟვანიას ნამდვილად ჰქონდა იარაღები, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესო იყო, როგორ აღმოჩნდა ზურაბ ჟვანიას იარაღი საქმეში“, - აცხადებს მარიამ შათირიშვილი.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა, სწორედ ამ იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ედავება ბრალდების მხარე ორივე ძმას, დავით და გურამ კაკულიებს.

„ამ ნაწილში წარდგენილია ბრალდება 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით და როგორც მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ნამდვილად არის რეგისტრირებული ზურაბ ჟვანიას სახელზე ერთ-ერთი იარაღი”,- აცხადებს თამარ ყულჯანიშვილი.

მისი თქმით, მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება, მოკვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ზურაბ ჟვანიას სახელზე რეგისტრირებული იარაღი ბრალდებულების ხელში.

პროკურორის თქმით, თავად ბრალდებული ძმები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, მათ შორის აღნიშნულ იარაღზეც, ამიტომ, შსს-ში ამ კუთხით გამოძიება გრძელდება.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას შვილს, ბესარიონ ჟვანიას, პროკურორის განმარტებით, ის გამოკითხული არ არის, რადგანაც როდესაც მისი გამოკითხვა გახდა საჭირო ამ დროს ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფებოდა, “თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართულია მისი გამოკითხვის შესახებ”.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა