პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე ანგარიში მოისმინა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„ასოცირების შეთანხმება ჩვენთვის რჩება მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს ევროკავშირთან აახლოებს და ქმნის იმ გარემოს, რასაც ევროკავშირთან მაქსიმალური პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ჰქვია. დღეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს, მაგრამ ასოცირების შეთანხმება კვლავ რჩება იმ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, რომელიც ჩენი ქვეყნისთვის არის ყველაზე მთავარი რათა საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და შეიქმნას ის საფუძველი, რაც რეალურად საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდის“, - განცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნის მთავარი მიზანია, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, რისთვისაც ე.წ. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს.

მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მხრივ მიღწეულმა პროგრესმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ ქვეყანას, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გაეკეთებინა და რომლის საფუძველზეც, 23 ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

„საქართველომ, როგორც ევროპულმა ქვეყანამ 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო შემდგომ ჩაერთო ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის შემუშავებაში. აღნიშნული ამოცანისათვის ევროკომისიის მიერ ქვეყნებს მინიმუმ 6 თვიანი პერიოდი ეძლევათ თუმცა, საქართველომ დაახლეობით ერთ თვეში მოახერხა კვალიფიციური პასუხების გაცემა კითხვარში მოცემულ 3300-ამდე კითხვაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან, უკვე კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება.

„საქართველო გახდა გაფართოების პაკეტის წევრი, რაც არის მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც გლობალურად ასევე, ქვეყნის შიგნით, რადგან საქართველო უკვე განიხილება კანდიდატ წევრ ქვეყნებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული საკითხები უკვე ახალ ფორმატებში იდგება ევროკავშირთან ურთიერთობისას. მომავალი წლის შემოდგომაზე ველოდებით, რომ გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, - განაცხადა თეიმურაზ ჯანჯალიამ.

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, საქართველოს წარმატებით აქვს განხორციელებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 50%, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების მიმართულებით ევრო-დირექტივებისა და რეგულაციების დაახლოებით 60% უკვე ასახულია საქართველოს კანონმდებლობაში. საქართველო წარმატებით განაგრძობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველომ დაასრულა მუშაობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგზე, რომელიც 7-წლიანია და საშუალო და გრძელვადიან პრიორიტეტებს აერთიანებს.

როგორც თეიმურაზ ჯანჯალიამ აღნიშნა, ევროკავშირის ინსტიტუციური განვითარების ინსტრუმენტების ათვისების მხრივ, საქართველო არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, არამედ, მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოში ლიდერ სახელმწიფოდ დასახელდა.

„12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, საქართველოს უკვე აქვს პროგრესი. თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც ყველა რეკომენდაცია გარკვეულწილად, შესრულებულია. არის ისეთი საკითხები, რომელიც ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირი-ს შეფასებების მომზადებას უკავშირდება. შესაბამისად, ეს სცდება დროის იმ ჩარჩოს, რაც ჩვენ განვსაზღვრეთ თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები ხარისხიანად და ამ ორგანიზაციების ჩართულობით შესრულდეს. დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თორმეტივე რეკომენდაციის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმულია და ჩვენი მხრიდან, მათი დიდი ნაწილი სრულყოფილად შესრულებულია“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი