თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიხსნა.

თსუ-ის ინფორმაციით, ფორუმში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კომპანიებიდან 40 პროფილური დამსაქმებელი მონაწილეობდა.

მათივე ცნობით, წელს პირველად, ფორუმის პარალელურად, თსუ-მა სტუდენტებისთვის კარიერული განვითარების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრები გამართა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოში შრომის ბაზრის ტენდენციებს, გამოცდილი პირებისგან მიეღოთ რჩევები პროფორიენტაციისა და მოტივაციის მნიშვნელობის, ასევე CV-ის შედგენის შესახებ.

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თსუ შრომის ბაზრისთვის მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდებს ამზადებს.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ზრუნავს საკუთარ სტუდენტებზე. ამიტომაც მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდებს ამზადებს შრომის ბაზრისთვის. ეჭვი არ მეპარება, რომ დამსაქმებლები სწორედ ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებით დაინტერესდებიან. სტუდენტთა დასაქმების პოლიტიკის კუთხით უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ“, - აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

მისივე თქმით, ფორუმი თსუ-ის სტუდენტების კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს.

„მნიშვნელოვანია, რომ დამსაქმებლები და სტუდენტები ერთმანეთს ერთ სივრცეში ხვდებიან. ჩვენი სტუდენტები მათ შეთავაზებებს ეცნობიან და თავის მხრივ, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების შესახებ ინფორმაციას აწვდიან“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თსუ-ის ინფორმაციით, ნიკოლოზ ჯელაძე ერთ-ერთია თსუ-ის სტუდენტებიდან, რომელიც დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმით დაინტერესდა - ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობს და, როგორც ამბობს, ფორუმზე მისთვის საინტერესო კომპანიები არიან წარმოდგენილი.

„დღეს სამუშაო ადგილის პოვნა სტუდენტებისთვის საკმაოდ რთულია, ასეთი ფორუმები კი მეტ შესაძლებლობას გვაძლევს დასაქმებისა და კარიერული განვითარების კუთხით“,- აღნიშნა ნიკოლოზ ჯელაძემ.

დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმით დაინტერესებულია თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ ხვისტანიც.

„მსგავსი ღონისძიებები სტუდენტებისთვის აუცილებელია, რათა ინფორმაცია მივიღოთ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ბაზარზე არსებობს და გვაძლევს დასაქმების შესაძლებლობას“,- განაცხადა მარიამ ხვისტანმა.

„სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი 2014 წლიდან სისტემატიურად იმართება. ფორუმის ორგანიზატორია თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი. ცენტრის მიზანია სტუდენტთა პიროვნული, პროფესიული და კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნით, ცენტრის წარმომადგენლები მუდმივად ხვდებიან დამსაქმებლებს, კარიერის განვითარების კუთხით იმართება ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები. თსუ-ის თითოეულ სტუდენტს ან კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს ცენტრის წარმომადგენლებთან ინდივიდუალურად გაიაროს კონსულტაცია და მიიღოს ინფორმაცია პროფესიით დასაქმების, შრომის ბაზარზე არსებული ვითარების ან სხვა საჭირო სერვისის შესახებ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებში. თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა 60%-ზე მეტი საკუთარი პროფესიით იწყებს მუშაობას, რაც ევროპული უნივერსიტეტების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის იდენტურია. თსუ სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრს 300-ზე მეტ საჯარო და კერძო კომპანიასთან აქვს ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შედეგად, ცენტრი ყოველკვირეულად 30-ზე მეტი ვაკანსიას ან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს თსუ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა