საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკებზე იმსჯელეს

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ პაპუნა ლეჟავასა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ბოლო პერიოდში ქვეყნის ფარგლებს გარეთ თანხის გადარიცხვებთან შექმნილი პრობლემები და მათი მოგვარების გზები იყო.

ასოციაციის ცნობითვე, შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაიმართა და მას ასოციაციის წევრი როგორც საბანკო სექტორის, ასევე იმ კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომელთა ბიზნეს ოპერაციები საქონლის იმპორტთან არის დაკავშირებული.

„ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დამსწრე კომპანიებს წარუდგინა აშშ-ს და საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, რა დროსაც ყურადღება გამახვილდა როგორც იმპორტირებული საქონლის წარმოშობის, ასევე სატრანზიტო მარშრუტების რისკებზე. კერძოდ, აღინიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო ხარჯების შემცირების მიზნით, აზიის ზოგიერთი ქვეყნიდან საქონლის იმპორტირებისას ირანის ისლამური რესპუბლიკის სატრანზიტო კორიდორის გამოყენების შემთხვევები დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე დამსწრე კომპანიებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ მოცემული ტრანზაქციები წარმოადგენს აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევას და ასეთმა გარიგებებმა შესაძლოა საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობების ფარგლებში უცხოურ ვალუტაში ქვეყნის გარეთ ტრანზაქციების განხორციელების შეფერხების რისკი წარმოქმნას.

არსებული საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, პაპუნა ლეჟავამ წარმოადგინა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მითითება, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ის მოთხოვნები, რომელთა დაცვაც კომერციული ბანკების მიერ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დარღვევის რისკებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. კერძოდ, ქვეყნების მიხედვით განსაზღვრულია კონკრეტული დოკუმენტაცია, რომელთაც კომერციული ბანკი ბიზნეს ოპერატორისგან მოითხოვს შესაბამისი ფინანსური ტრანზაქციის შეუფერხებლად განსახორციელებლად“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასოციაციის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს რისკების შემცირების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე, სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების წინასწარ შერჩევის, ტრანზაქციებში მონაწილე კომპანიების თეთრი სიის წარმოებისა და კონკრეტული საქონლის წარმოშობის დადასტურების აუცილებლობაზე.

„მნიშვნელოვანია საერთო ხედვისა და კოორდინირებული სამოქმედო სახელმძღვანელო პრინციპების განსაზღვრა კომერციულ ბანკებსა და ბიზნეს სუბიექტებს შორის, რათა ნებისმიერი სავაჭრო, კომერციული ურთიერთობა სრულ თანხვედრაში იყოს საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან, რათა ქართულ ბიზნესს ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული სამოქმედო ინსტრუქცია მომეტებული რისკის მქონე ქვეყნებიდან პროდუქტის იმპორტის დროს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი შესაძლო ნეგატიური ზეგავლენა რაც უკავშირდება საერთაშორისო სანქციების მოქმედ რეჟიმს“,- განაცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო