თორნიკე შარაშენიძე - რაში სჭირდებათ კადრების გამომზეურება, არ მესმის, „რეალით შოუს“ ხომ არ უნდა დაამსგავსო მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა? - ამას მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის რეაქცია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მიანიშნებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას არ ითხოვენ. ითხოვენ, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, - ასე შეაფასა საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით.

როგორც ექსპერტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურება მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის კადრების გავრცელებას უკავშირდება.

„ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მიანიშნებს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას არ ითხოვენ. ითხოვენ, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ხელისუფლებამ რამდენჯერაც გამოაქვეყნა კადრები, რასაც მოჰყვა მძიმე რეაქცია. ჰქონდეთ კადრები და თუ ვინმე შინაური ან გარეული დაინტერესებულია, იმას აჩვენონ. რაში სჭირდებათ კადრების გამომზეურება, არ მესმის. „რეალით შოუს“ ხომ არ უნდა დაამსგავსო ამ კაცის [მიხეილ სააკაშვილის] კლინიკაში ყოფნა. დარწმუნებული ვარ, რომ არ წამლავენ და ეს ყველაფერი კონსპირაციებია“,- განაცხადა შარაშენიძემ.

მან ასევე შეაფასა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, რომ მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ.

ექსპერტის თქმით, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ამასთან, ბოლო პერიოდში თანამდებობაც ჰქონდა, „ამიტომ გასაგებია ზელენსკის ჩართულობა“.

ექსპერტის თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია და მისი თანამებრძოლები უკრაინაში თანამდებობაზე, არ შეიცვლება ზელენსკის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ და „ქართული ოცნებაც“ დამოკიდებულებას არ შეიცვლის.

„კადრების გამოქვეყნებას მოჰყვა ვოლოდიმირ ზელენსკის ეს რეაქცია, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა მოითხოვეს კადრების გასაჯაროება. ამან მთავრობას მისცა იმის თქმის საფუძველი, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა ზელენსკის ჩაწყობილი იყო. აქ ერთი ლეგიტიმური შეკითხვა უნდა დაისვას - უკრაინიდან გამოატარეს თუ გამოიპარა? თუ გამოიპარა უკრაინამაც რაღაც რეაქცია უნდა მოახდინოს, რომ მოქალაქე გამოეპარათ და თუ გამოატარეს რა მიზნით? ეს სალაპარაკოს აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ „რა მოხდა გამოგეპარათ თუ გამოუშვით?“, - განაცხადა შარაშენიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა