თენგიზ ფხალაძე - ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება, ეს ხდება ყოველდღიურად და აშშ-ში ზელენსკის ვიზიტიც არის ამის გამოხატულება

ისტორია ჩვენ თვალწინ იწერება, ეს ხდება ყოველდღიურად და აშშ-ში ზელენსკის ვიზიტიც არის ამის გამოხატულება, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა, თენგიზ ფხალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა.

ფხალაძის განმარტებით, ზელენსკის ისე დახვდნენ, როგორც ისტორიულად ფიგურას, რომელიც 21-ე საუკუნეში გარდამტეხ როლს თამაშობს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიზიტი ყველასთვის განკუთვნილ გზავნილს წარმოადგენს.

„ბევრმა ანალიტიკოსმა ეს ვიზიტი შეადარა საუკუნის წინანდელ ჩერჩილის ისტორიულ ვიზიტს აშშ-ში, როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. მაშინ მსოფლიო სხვა ბოროტების იმპერიას ებრძოდა და ბევრი ანალოგია გაკეთდა ამასთან დაკავშირებით.

ჩვეულებრივ, მშვიდობიან ვითარებაში სახელმწიფო მეთაურის ვიზიტის დროს წარმოიდგინეთ რა ზომები არის მიღებული და რა უნდა ხდებოდეს საომარ მდგომარეობაში? ეს იმას გვაჩვენებს, რომ უკრაინაში ყველა ინსტიტუტი მოქმედებს არამხოლოდ გამართულად, არამედ უმაღლეს სტანდარტებზე, რადგან ხელისუფლების უსაფრთხოება დაცულია უმაღლეს დონეზე. ამასთან, ვიზიტი აშშ-ში არ ყოფილა მხოლოდ ვიზიტი. ეს იყო მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა თავისი მიმართვებით, შეხვედრებით და ა.შ. ეს ყველანაირად ხაზს უსვამს იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რომელიც დღეს აქვს უკრაინას. თავისთავად ცხადია, რომ ზელენსკი უკრაინაში ხელცარიელი არ ბრუნდება. მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილები, ფინანსური და პოლიტიკური დახმარება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია „პატრიოტები“, რომელიც ამის შემდეგ უკრაინაში ჩავა.

ზელენსკი არის მებრძოლი იმ ღირებულებებისთვის, რაც ძვირფასია აშშ-სთვის. არაერთხელ გვითქვამს, რომ რუსეთი დღეს უკრაინაში მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის. რუსეთი ებრძვის ყველაფერ დასავლურს - ისევე, როგორც თავის დროზე საქართველოში, ის მხოლოდ საქართველოს არ ებრძოდა. ის ებრძოდა ყველაფერს, რაც კი არის არარუსული და მისთვის მიუღებელი. ეს ებრძოდა ყველაზე ბრუტალური ფორმებით. ამიტომ, ზელენსკი დღეს არის არამხოლოდ უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლო, არამედ თავისუფლებისა და უნივერსალური ღირებულებებისთვის ბრძოლის სიმბოლო. სწორედ ამიტომ იყო დღეს მისდამი კონგრესში ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა ფხალაძემ.

რუსეთზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ამ ქვეყანას ცივილიზებულად დამარცხებაც არ შეუძლია, რის გამოც ის ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს.

„რუსეთს არამხოლოდ ბრძოლა არ შეუძლია ცივილიზებულად, არამედ წაგებაც არ შეუძლია ცივილიზებულად - ისევე, როგორც თავის დროზე ეს არ შეეძლო ჰიტლერს. ანალოგიურად არის პუტინის რეჟიმი, რადგან ის ამ წაგებას ხდის ყველაზე მტკივნეულს და ბრუტალურს. ის ხოცავს სრულიად უდანაშაულო ადამიანებს - ბავშვებს, ქალებს, მოსახლეობას, ასე იქცევიან ავაზაკები. უბედურება ის არის, რომ ავაზაკი არის ხელისუფლების სათავეში“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო