„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საპარლამენტო კონტროლის შედეგები შეაფასა - ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა სარჯველაძემ, იოსელიანმა და ელისაშვილმა დასვა - ყველაზე მეტჯერ კითხვით იუსტიციის მინისტრს მიმართეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2020 წლის 12 დეკემბრიდან 2022 წლის 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული საპარლამენტო კონტროლის შედეგები შეაფასა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადებით, საანგარიშო პერიოდში საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესი საგრძნობლად შეაფერხა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ხასიათის მოვლენებმა, რაშიც არასამთავრობო ორგანიზაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილის მიერ თვეების განმავლობაში პარლამენტის ბოიკოტირებას გულისხმობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ბოიკოტის შედეგად, პარლამენტი, ფაქტობრივად, ოპოზიციის გარეშე აგრძელებდა მუშაობას, რაც მძიმედ აისახა მის საზედამხედველო ფუნქციებზე, შემცირდა კონტროლის მექანიზმების გამოყენება, ხოლო რისი გამოყენებაც მოხდა, „ხშირად უკიდურესად ფორმალურ ხასიათს ატარებდა“.

„საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისას, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენდა ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა დამოკიდებულება საპარლამენტო კონტროლისადმი, განსაკუთრებით მაშინ, თუკი კონტროლის ინიციატორი ოპოზიცია იყო. ასევე, პრობლემად დარჩა პარლამენტის მიერ საკუთარი ვალდებულებების დროული და ეფექტიანი შესრულება, მაგალითად, ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების განხილვა და პარლამენტის მიერ გაცემულ რეკომენდაციათა შესრულების მონიტორინგი. საპარლამენტო კონტროლი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სფეროებში, მაგ., როგორიცაა უსაფრთხოების სექტორი, კვლავ არაეფექტურია, რასაც არაერთ პრობლემასთან ერთად, არასათანადო საკანონმდებლო გარანტიებიც განაპირობებს.

პარლამენტში 22 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დარეგისტრირდა 4 მოთხოვნა, საიდანაც მხოლოდ 1 შეიქმნა - 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია (ფრაქცია „ქართული ოცნება“-ს მიერ ინიცირებული).

პარლამენტის წევრებმა ანგარიშვალდებულ ორგანოებს 2922 შეკითხვა გაუგზავნეს, რომელთაგან 371 უპასუხოდ დარჩა. პასუხგაუცემელი კითხვებიდან 91 კითხვა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის დასმული იყო, ხოლო 280 - ოპოზიციის წარმომადგენლის. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვა (445) მიხეილ სარჯველაძემ (უმრავლესობა) გააგზავნა, 313 კითხვა გააგზავნა ლევან იოსელიანმა (ოპოზიცია), ხოლო ალექსანდრე ელისაშვილმა (ოპოზიცია) — 284. ყველაზე მეტჯერ კითხვით მიმართეს იუსტიციის მინისტრს.

6 ინტერპელაციის ნაცვლად ჩატარდა ერთი ინტერპელაცია და გაიმართა 19 მინისტრის საათი.

კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი 19-ჯერ დაიბარეს, აქედან, 12 შემთხვევაში, როდესაც დაბარების ინიციატორი ოპოზიცია იყო, ანგარიშვალდებული პირები სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

კვლევის საფუძველზე შემდეგი ძირითადი გამოწვევები გამოიკვეთა: პარლამენტს საანგარიშო პერიოდში არ გამოუყენებია საპარლამენტო კონტროლის შემდეგი მექანიზმები: არ მოუთხოვია პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე ანგარიშის მოსმენა, არ დაუბარებია პლენარულ სხდომაზე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა ⅓-ის მოწვევით, უმრავლესობის ფრაქციას არ დაუბარებია კომიტეტზე მთავრობის წევრი ან სხვა ანგარიშვალდებული პირი;

პარლამენტში შევიდა 25 ანგარიში და მათგან 9 განუხილველი იყო. სისტემატური ხასიათი აქვს ანგარიშების განხილვის მრავალგზის გადავადებას, 2020 წლის საქმიანობის ანგარიშები ხშირად ერთი და მეტი წლის დაგვიანებით განიხილება;

მნიშვნელოვანი პრობლემაა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის კუთხით ქმედითი მექანიზმის არარსებობა. პარლამენტი არ იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს, რათა მოხდეს ნდობის ჯგუფის, თემატური მოკვლევის ჯგუფებისა და კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი;

მთავრობის წევრები პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან საპარლამენტო კონტროლს, განსაკუთრებით, თუკი კონტროლის ინიციატორი ოპოზიციაა. მაგ., ოპოზიციურმა ფრაქციებმა 12-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები კომიტეტის სხდომაზე და ისინი არცერთ შემთხვევაში არ გამოცხადდნენ. ყველაზე მეტჯერ არ გამოცხადდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეკომენდაციის სახით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” აცხადებს, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები უფრო ინტენსიურად უნდა გამოიყენებოდეს და საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას პარლამენტის წევრები დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უნდა ავლენდნენ.

„საპარლამენტო ზედამხედველობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს უნდა შეეხებოდეს და ნაკლებად იყოს ნაკარნახევი ვიწროპარტიული დღის წესრიგით.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები უნდა იყენებდნენ საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს, მათ შორის, ქმნიდნენ საგამოძიებო კომისიებს და დადგენილ ვადაში ისმენდნენ ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს.

საპარლამენტო კონტროლის პროცესში, ოპოზიციის სრულფასოვანი ჩართულობისა და მისი როლის გაძლიერებისთვის, უნდა შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები:

რეგლამენტით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის პროცესში ოპოზიციის სათანადო მონაწილეობა და მათთან კონსულტაციის გავლის ვალდებულება;

დაუშვებელი უნდა იყოს პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი თანამდებობის პირების არჩევა ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსის გარეშე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ მანდატს ფლობს უმრავლესობა. გენერალური აუდიტორისა და გენერალური პროკურორის ასარჩევად, აუცილებელი უნდა იყოს ოპოზიციის უმრავლესობის თანხმობა. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის მხარდაჭერის საფუძველზე უნდა ინიშნებოდნენ;

ოპოზიციის როლის გაზრდის მიზნით, მიზანშეწონილია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობების, რიგ შემთხვევებში, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავება. კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები პროპორციულად უნდა ნაწილდებოდეს წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის, უნდა ხელმძღვანელობდნენ შემდეგ კომიტეტებს: ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.

საპარლამენტო კონტროლის კონკრეტული მექანიზმების გამოყენებისას უნდა გაიზარდოს ოპოზიციის გარანტიები. მაგ., ოპოზიციის წევრები უნდა იყვნენ პრივილეგირებულნი მთავრობისთვის შეკითხვების დასმის დროს (კერძოდ, მათ უნდა ჰქონდეთ უფლება გახსნან დებატები. პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას, ინტერპელაციისას ოპოზიციის წევრებს უფლება უნდა ჰქონდეთ, აღმასრულებელ ხელისუფლებას, უმრავლესობის წარმომადგენლებთან შედარებით, უფრო მეტი კითხვა დაუსვან); ოპოზიციის წევრებს უნდა ჰქონდეთ უფლება მოითხოვონ დებატების ჩატარება, მათ შორის, გადაუდებელი აუცილებლობის ან მიმდინარე საკითხებზე დებატების ჩათვლით; ოპოზიციის წევრებს (ოპოზიციურ ფრაქციებს) უნდა ჰქონდეთ უფლება კომიტეტის სხდომაზე მოიწვიონ გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

ანგარიშვალდებული ორგანოები და მთავრობის წევრები პარლამენტს ხელს უნდა უწყობდნენ კონტროლის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელებაში, კეთილსინდისიერად და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ კონსტიტუციითა და რეგლამენტით გაწერილ საპარლამენტო კონტროლის პროცედურებს მაშინაც, როცა მათი ინიციატორი ოპოზიციაა. დროულად უნდა პასუხობდნენ პარლამენტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს, ესწრებოდნენ ოპოზიციის მოწვევით კომიტეტის სხდომებს და ა.შ.“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე განცხადებით, პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, რათა საპარლამენტო ზედამხედველობა ფორმალურ ხასიათს არ ატარებდეს.

„კომიტეტზე უნდა იწვევდნენ ანგარიშვალდებულ ორგანოთა ხელმძღვანელებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესრულდა პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, დაინერგოს ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი იმის გასარკვევად, თუ რამდენად შესრულდა თემატური მოკვლევის შედეგად გაცემული რეკომენდაციები.

საპარლამენტო კონტროლი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა სფეროს უნდა მოიცავდეს. მნიშვნელოვანია, სრულფასოვნად კონტროლდებოდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სფერო. პარლამენტის რეგლამენტში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოს მეტი უფლებამოსილებით გააძლიერებენ, კერძოდ:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაკონტროლებელ პარლამენტის კომიტეტთან უნდა შეიქმნას ექსპერტთა საზედამხედველო მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პასუხისმგებელი იქნება პარლამენტის წინაშე. საბჭოს წევრებს უნდა ირჩევდეს პარლამენტი.

საზედამხედველო საბჭოს უნდა გააჩნდეს დამოუკიდებლობის გარანტიები; პარლამენტის სპეციალიზირებული კომიტეტის და საზედამხედველო საბჭოს წევრებს უნდა ჰქონდეთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმდინარე ოპერაციების შესახებ“, - აღნიშნულია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
ბორის სოკოლოვი - რუსეთისთვის ჩინურ იუანზე ორიენტაცია სახიფათოა, რადგან, ჩინურ ხელისუფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია იუანის კურსის დადგენა, სამწუხაროდ, ომი უკრაინაში 2024 წელს არ დასრულდება
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი