არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას არ სურს გამჭვირვალედ შეარჩიოს ომბუდსმენის კანდიდატურა - ვეცდებით უკვე საგაზაფხულო სესიაზე, რომ შევარჩიოთ სათანადო კანდიდატურა

ოპოზიციას არ სურს გამჭვირვალედ შეარჩიოს ომბუდსმენის კანდიდატურა, ერთადერთი, რაც მათ უნდოდათ არის საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი დაენიშნათ ამ თანამდებობაზე ხელისუფლების ხელით ისე, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებამ შეარჩია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი შეეცდება, რომ საგაზაფხულო სესიაზე შეარჩიოს ომბუდსმენის კანდიდატი, რომელიც იქნება კვალიფიციური და დამოუკიდებელი.

„გახსოვთ, წინასწარ ვამბობდი, რომ არის რამდენიმე რეკომენდაცია, რომელშიც ოპოზიციას აქვს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა და ჩვენ ველოდით, რომ ისინი გააკეთებდნენ ყველაფერს, რომ არ შესრულებულიყო ეს რამდენიმე რეკომენდაცია რაშიც მათი ჩართულობა იყო მოთხოვნილი. სამაგიეროდ, ჩვენ, ხელისუფლებამ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, რომ ის შესრულებულიყო. ყველა რეკომენდაცია, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჰქონდა ხელისუფლებას, არის შესრულებული. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საბოტაჟით არის დაკავებული, ევრორეკომენდაციების საბოტაჟს ახორციელებს, მაგრამ აქაც გეტყვით, რომ მზად ვართ გავწიოთ დამატებითი სამუშაო და დამატებითი ძალისხმევა იმისთვის, რომ შემდეგ უახლოეს თვეებში ეს რეკომენდაციებიც შესრულდეს.

რაც შეეხება ომბუდსმენის შერჩევის პროცესს, ჩვენ ღია პროცესი შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ პროცესის საუკეთესო შედეგი იქნებოდა, რომ აგვერჩია დამოუკიდებელი, პროფესიონალი ომბუდსმენი, მაგრამ მინიმალური შედეგი მაინც ის არის, რომ საზოგადოებამ დაინახა, რომ ღია პროცესში არ სურს რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა, მათ არ სურთ გამჭვირვალედ შეარჩიონ ომბუდსმენის კანდიდატურა. ერთადერთი, რაც მათ უნდოდათ არის ის, რომ საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანი დაენიშნათ ამ თანამდებობაზე ხელისუფლების ხელით ისე, რომ საზოგადოებას სცოდნოდა, რომ ეს მხოლოდ ხელისუფლებამ შეარჩია, მაგრამ სინამდვილეში, ეს ყოფილიყო მათ მიერ მართული ადამიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად ვკითხულობთ ამ სიტუაციას, ისიც კარგად გვესმის, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი ახალი ომბუდსმენი და ვეცდებით უკვე საგაზაფხულო სესიაზე, რომ შევარჩიოთ სათანადო კანდიდატურა. თუ რადიკალური ოპოზიცია კვლავ ხელს შეუშლის ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გამოსავალი მაინც მოიძებნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა