მარიამ ქვრივიშვილი - ბაკურიანში უმოკლეს ვადებში შევასრულეთ რთული სამუშაოები, დღეს კურორტზე გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების სათხილამურო ინფრასტრუქტურა, რათა ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს

ბაკურიანში თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანში ზამთრის სათხილამურო სეზონს გაახანგრძლივებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა სექტორის წარმომადგენლებისა და მედიისთვის დღეს შეხვედრა გამართა, სადაც ბაკურიანში ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე, უკვე ჩატარებული თუ მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა აშენდა. პროექტში, დაახლოებით, 265 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩვენ უმოკლეს ვადებში შევასრულეთ საკმაოდ რთული სამუშაოები, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში ყოფილიყო ღონისძიების მასპინძლობისთვის. დღეს ბაკურიანს უკვე აქვს საერთაშორისო სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ მსოფლიო ჩემპიონატს. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ბაკურიანს დარჩება და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზამთრის სათხილამურო სეზონი გავახანგრძლივოთ, შედეგად კი ბაკურიანში მივიღოთ მეტი შიდა და საერთაშორისო მოგზაური, კურორტზე გავზარდოთ ვიზიტორთა გამტარუნარიანობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებზე, რომლებიც ჩართულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიაში - იქნება ეს განთავსების, კვების ობიექტი თუ სხვა. მისი განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად ჩამოვლენ ყველაზე რეიტინგული, საერთაშორისო სპორტული მედიასაშუალებები.

„ორი კვირის განმავლობაში ბაკურიანი იქნება სპორტული მედიის ეპიცენტრში, რაც ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ბაკურიანის, ისე ზოგადად ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდის კუთხით“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო