ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სწრაფად პროგრესირებადი დემენცია

ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრის ერიკ დევიდ გოლდსმიტის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სწრაფად პროგრესირებადი დემენცია. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც ის სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ დასკვნაზე აძლევს ჩვენებას.

„მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ მას აღენიშნება მეხსიერების დაკარგვა. როგორც ყველა დემენციის პაციენტს აღენიშნება, მას აქვს შესანიშნავი მეხსიერება წარსულთან დაკავშირებით. როცა სკოლაში იყო, როცა ახალგაზრდა იყო, მისი კარიერა, მაგრამ ახლანდელ მოვლენებთან დაკავშირებით საშინელი მეხსიერება აღენიშნება. მას აქვს ახალი ინფორმაციის შესწავლის პრობლემა. წინაზე მას ჰქონდა მახვილი გონება, სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ახლა მისი აზროვნების უნარი არის ძალიან შენელებული და ხანდახან დაბნეულიც არის. მისი გარეგნობა ძალიან შელახულია. ის მოუვლელია. მისი ფრჩხილები არის დასაჭრელი. ეს არის დემენციის სიმპტომები. ის ავლენს სისუსტეს. მას სკამიდან ადგომა უჭირს. სიარულის პრობლემა აქვს, წონაც დაკარგა. საპირფარეშოზე აქვს დაკარგული მგრძნობელობა. ის გრძნობს მკლავებსა და ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებებს.

ძალიან მძიმე იყო მისთვის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მან ის დააარსა მისი პრეზიდენტობის დროს. მას იქ ემუქრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ციხის თანამშრომლები და ზედამხედველები არ იყვნენ ახლოს მზადყოფნაში მის დასახმარებლად. მას არ შეეძლო დაძინება, რადგან პატიმრები სულ უყვიროდნენ. მას აღენიშნება მაღალი დონის სტრესი. ის ავლენს მეხსიერების დაკარგვას, დაბნეულობას. ეს არის დემენციის სიმპტომები და სწრაფად პროგრესირებადი ტიპის დემენცია.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, დემენცია გამოიწვია თუ არა მძიმე მეტალების ინტოქსიკაციამ, რომელიც ექსპერტების დასკვნაშია აღნიშნული, დიახ, ეს სწორია. ამ მეტალებთან შეხებისას ადამიანის სწრაფად უვითარდება მეხსიერების პრობლემები და მისი ფუნქციების გართულება. ეს იწვევს თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის თეთრი ნივთიერების დაზიანებას. ეს გამოვლინდა იმ რადიოლოგიური კვლევებით, რომელიც ჩაუტარდა. ის ექსპოზიცია, რაც მოხდა ვერცხლისწყალთან და დარიშხანთან, და ის დაზიანება, რაც იქნა გამოწვეული, ამას ჩვენ ვეძახით შეძენილ დემენციას, ეს არის განსხვავებული ტიპური ალცჰაიმერის დაავადებისგან“, - განაცხადა გოლდსმიტმა.

ამასთან, როგორც მან სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სიმულაცია გამორიცხულია.

„დაზუსტებით მინდა ვთქვა, რომ გამოვრიცხავ მისი მხრიდან სიმულაციას. ყველაფერი მარწმუნებს იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირს პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა“,- აღნიშნა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
როგორ ვებრძოლოთ მოგზაურთა დიარეას
„სიმეტრია პარკი“ მთაწმინდის რაიონში კომერციული ფართის მშენებლობის დასრულებას აანონსებს
ISET-ის ფინანსების სამაგისტრო პროგრამამ CFA ინსტიტუტთან აფილირება მიიღო
„ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024