ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი - დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა, ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო გართულდეს და უბრალოდ ის შეიძლება მოკვდეს

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღესაც მძიმეა, ეს მდგომარეობა შეიძლება უფრო გართულდეს და უბრალოდ ის შეიძლება მოკვდეს,- ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტ-ფსიქიატრმა ერიკ დევიდ გოლდსმიტმა საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესზე მოწმის სტატუსით გამოკითხვისას, სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა მოხდება თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტს დაუყოვნებლივ არ გადაიყვანენ საზღვარგარეთ და დაუყოვნებლივ არ დაიწყება შესაბამისი მკურნალობა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დემენციის დიაგნოზი საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სააკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ამასთან, მისი განცხადებით, სააკაშვილმა უნდა დატოვოს საპატიმრო, რადგან ყოველი შემდეგი დღე, რომელსაც ის ციხეში ატარებს, ნიშნავს მისთვის ტრავმასთან შეხებას, რაც უკვე არსებული პოსტტრავმული სტრესული აშლილობის პროგრესირებას ახდენს.

„მას შემდეგ, რაც ის ციხიდან იქნება გაყვანილი, უნდა გადაიყვანონ შესაბამისი კვალიფიკაციის კლინიკაში დასავლეთში, რათა მოხდეს მისი სხვა თანმხლები დაავადებების შეფასება და ადეკვატური მკურნალობის დანიშვნა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობასთან დაკავშირებით.

მას ასევე დასჭირდება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის არასამედიცინო მეთოდები, როგორიც არის ფსიქოთერაპია.

დემენცია გამოვლინდა მეხსიერების მკვეთრი დაქვეითებით, ასევე ენასთან დაკავშირებული და კოგნიტური პრობლემებით. მისი კოგნიტური ფუნქციები მკვეთრად დაქვეითდა იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ის ციხეში იმყოფება. ეს არის შეძენილი დემენცია. დიდი შანსია, რომ ეს დემენცია დაკავშირებულია ტოქსიკურ ელემენტთან, როგორიც არის ვერცხლისწყალი და დარიშხანი. რამდენადაც დროის ამ მოკლე პერიოდში ეს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს. შესაბამისად, ის აუცილებლად უნდა გადაიყვანონ ციხიდან დასავლეთის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კლინიკაში, იქნება ეს აშშ თუ ევროპა, რათა მოხდეს მისი დეტოქსიკაცია ამ ტოქსიკური ელემენტებისგან.

მას სჭირდება ისეთ დაწესებულებაში ყოფნა, რომელსაც აქვს კვალიფიკაცია მედიცინის, ფსიქიატრიის და სხვა სფეროში. პირველყოვლისა, მას სჭირდება ისეთი დაწესებულება, რომელსაც გააჩნია იმის გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომ მოხდეს იმ მიზეზების აღმოჩენა, რამაც გამოიწვია შეძენილი დემენცია. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ის, რომ ამ კლინიკამ უნდა ჩამოაყალიბოს მკურნალობის სქემა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დეტოქსიკაცია. ამ კლინიკამ უნდა შეძლოს როგორც მთლიანად მისი ჯანმრთელობის სტატუსის გაუმჯობესება, ასევე სხვა თანმდევ დაავადებებთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესება. აშშ-ში, სადაც მე ვეწევი სამედიცინო და ფსიქიატრიულ პრაქტიკას, ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო საავადმყოფო, რომელსაც წვდომა აქვს მსოფლიოში აღიარებულ დარგის ექსპერტებთან“,- განაცხადა ექსპერტმა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტა რაოდენობის ადგილია, სადაც შესაძლებელია მძიმე მეტალებით დაბინძურებული თავის ტვინის პრობლემების მკურნალობა.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ დემენციის ამ სახეობის დიაგნოზით პაციენტი იყოს ციხეში, ექსპერტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, ის ასევე მიიჩნევს, რომ არც ფსიქოთერაპიის ჩატარებაა შესაძლებელი იმ გარემოში, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, რადგან ეს არის კონფიდენციალურობის დარღვევა, რაც ხელს არ უწყობს თერაპიული სერვისის მიმწოდებელ მხარეს, რომ ეფექტურად განახორციელოს მკურნალობა.

კიდევ ერთი საკითხი, რომლითაც ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დაინტერესდა, მედიკამენტების დიაგნოზთან შესაბამისობა იყო, რაზეც ექსპერტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის დანიშნული ზოგიერთი მედიკამენტი არ არის მიზანმიმართული იმ დიაგნოზისთვის, რომელიც მას აქვს.

„ეს შორდება ჩემი ვიწრო სპეციალიზაციის არეალს, თუმცა სხვა ექსპერტების მოსაზრების მიხედვით, ამ მედიკამენტებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ გააუარესონ მისი სწრაფად პროგრესირებადი დემენციის კლინიკური მიმდინარეობა. მას დაესვა დიაგნოზი ე.წ. პოლიფარმაციის, რაც იმას ნიშნავს, რომ ხდება ზედმეტი დანიშვნა ზოგიერთი მედიკამენტის საავადმყოფოში და ამ მედიკამენტებიდან ზოგიერთ არ არის მიზანმიმართული იმ კონკრეტულ დაავადებებზე, რისთვისაც დაენიშნა. შესაბამისად, ამ პოლიფარმაციის არსებობა თავისთავად მასში იწვევს ზიანს“,- განაცხადა ექსპერტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა