„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის საკითხის ჩაგდებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ აირჩია გზა რუსეთისკენ.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის.
„დღეს საჯაროდ ვიხილეთ როგორ ახდენს "ქართული ოცნება" საბოტაჟს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მათ ჩააგდეს ომბუდსმენის არჩევის საკითხი. "სტრატეგია აღმაშენებელი" პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მთელი თაღლითური სქემა, რომელიც მათ მოიგონეს, ამდენი კანდიდატის წარდგენა, ვითომ კანდიდატი არ ჰყავდათ, ერთადერთ მიზანს ისახავდა, საქართველოს მოქალაქეები შეცდომაში შეეყვანათ. ცალსახად დადასტურდა, რომ "ქართული ოცნების" მიზანი არ არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, მათი მიზანი არის, რომ როგორმე ევროპას უარი ათქმევინონ კანდიდატის სტატუსზე. სწორედ ამიტომ ჩააგდეს ომბუდსმენის კანდიდატები, სწორედ ამიტომ არ დაუჭირეს მხარი მიუკერძოებელ იუსტიციის საბჭოს წევრებს. სიმბოლურად რაღაც პროცესის არსებობა, ვითომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ, საბოლოოდ, არაფერი იქნება. სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური ნება, "ქართულმა ოცნებამ" დღეს კიდევ ერთხელ აირჩია გზა რუსეთისკენ, როცა ომბუდსმენის კანდიდატების შერჩევის პროცესი ჩააგდო", - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან 19-ვე ჩავარდა. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტს სახალხო დამცველი, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით უნდა აერჩია. ეს არის 90 ხმა, რომელიც არც ერთ საპარლამენტო პარტიას არ გააჩნია და საჭირო იყო პოლიტიკური შეთანხმება.