პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა, 96-ხმით - ერთხმად, „საარჩევნო კოდექსსა“ და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. ორივე კანონის პროექტი მესამე მოსმენით მიიღეს.

მმართველი უმრავლესობის ინფორმაციით, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტები ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნის გათვალისწინებით გადამუშავდა.

“სერტიფიცირების პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდა და ერთ-ერთ რეკომენდაციად სერტიფიკატების ვალიდურობის განსაზღვრა იქნა მოთხოვნილი. ცესკოსთან კონსულტაციის საფუძველზე შევთანხმდით, რომ ეს 5-წლიანი ვადა იქნება. ბინადრობის ცენზი, რომელიც ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში კანდიდატებისთვის 5 წლიდან ერთ წლამდე შევამცირეთ, ასევე პოზიტიურ ცვლილებად იქნა მოხსენიებული, თუმცა გვთხოვეს, რომ აღნიშნული ვადა ექვს თვემდე შევამციროთ ან გავაუქმოთ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვადა ექვს თვემდე შემცირდეს. “გირჩი“ და “მოქალაქეები“ სავალდებულოდ წარსადგენ კანდიდატთა სიის რაოდენობის შემცირებას ითხოვდნენ. შევთანხმდით პირველი მოსმენისთვის, რომ პარლამენტისთვის ეს იქნებოდა 100-ის ნაცვლად 76, ხოლო საკრებულოებში სრული სიის ნაცვლად - ნახევარი. ესეც პოზიტიურად იქნა შეფასებული დასკვნაში, თუმცა გამოითქვა თხოვნა, რომ იქნებ კიდევ შეგვემცირებინა. ამ საკითხზე ვიმსჯელეთ და შევთანხმდით, რომ ეს ვალდებულება 40%-მდე იქნება დაყვანილი ანუ პარლამენტში იქნება მინიმალური მოთხოვნა 60-კაციანი სიის წარდგენა, ხოლო საკრებულოებში 40% განსხვავებული რაოდენობის შესაბამისი იქნება, გამომდინარე იქედან, რომ სხვადასხვა საკრებულოს განსხვავებული რაოდენობის წევრები ჰყავს“, - განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ საარჩევნო ცვლილებების პროექტის საკომიტეტო განხილვების დროს.

მისივე თქმით, კანონპროექტებში შემდეგი ცვლილებები აისახა: - პირველი სხდომის ჩატარება ანუ კომისიის უფლებამოსილების ცნობა იმპერატიულად არჩევნებამდე 30-ე დღეს განხორციელდება; ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმები დეტალურად გაიწერება; ყველა ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა ტრადიციული ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაექვემდებარება მარკირებას; არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი იქნება წინასწარი შედეგების შემაჯამებელი, ხოლო შემდგომში თითოეული კომისია მყისიერად დაიწყებს ბიულეტენების ხელით დათვლას, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარდგენილი; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან დაკავშირებული ნორმები, რომელიც პირველი მოსმენის დროს ძირითად კანონმდებლობაში გადავიდა, კვლავ გარდამავალ დებულებებში დაბრუნდება, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საარჩევნო უბანი სათანადოდ ჯერ არ არის მოწყობილი და აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაცია ასახულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაში.

ცვლილებები შეეხება ადგილობრივ დამკვირვებლებთან დაკავშირებით შეზღუდვების უფრო გამკაცრებას და ის ისეთივე იქნება, როგორც ქვედა დონის კომისიის არაპარტიული წევრების მიმართ არის. კერძოდ, პროექტის თანახმად, ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება-არდაკისრების ვადასთან დაკავშირებით, პირველი მოსმენის დროს, 30-დღიანი ვადა 15 დღემდე შემცირდა, თუმცა რეკომენდაციებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვადაც ხანგრძლივია. აქედან გამომდინარე, არჩვენების დღესთან დაკავშირებით ეს ვადა 12 დღემდე მცირდება, ხოლო არჩევნების დღემდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვადა მცირდება 7 დღემდე.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა სამი წლიდან ექვს წლამდე გაიზრდება. ასევე, არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების 60-დღიანი ვადა 30 დღემდე შემცირდება.

ცვლილებების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნულ წევრებს შესაბამისი სერტიფიკატი უნდა ჰქონდეთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა