საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების წესს უკავშირდებოდა, დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი - „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ დააკმაყოფილა.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, სადავო ნორმები ითვალისწინებდა პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების წესს, რომლის თანახმად, მსჯავრდებული, ზოგადი წესის საფუძველზე, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში.

„2022 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა №1676 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).

განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავდა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საკანში განთავსების წესს, რომლის თანახმად, მსჯავრდებული, ზოგადი წესის საფუძველზე, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით წინააღმდეგობას წარმოშობდა, ერთი მხრივ, სადავო ნორმების საფუძველზე, მსჯავრდებულთა სასჯელის მოსახდელად ერთადგილიან საკანში მოთავსების შედეგად წარმოშობილი სოციალური იზოლაციის ხარისხი, ხოლო, მეორე მხრივ, ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად გამწესების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება სათანადო პროცედურული გარანტიების არარსებობის პირობებში, საკმარისად ცხადი და ობიექტური კრიტერიუმების გარეშე.

მოპასუხე მხარემ სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნად დაასახელა გარშემომყოფ პატიმართა დაცვა, პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება და გამართული ფუნქციონირება ისევე, როგორც მსჯავრდებულთა სურვილი, სასჯელი მოიხადონ განცალკევებით. მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, მსჯავრდებულის ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად მოთავსება არ გულისხმობდა ისეთი ინტენსივობით სოციალურ იზოლაციას, რომ იგი მიჩნეული ყოფილიყო არაადამიანურ მოპყრობად. ამასთან, სადავო ნორმები უზრუნველყოფდა პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ პატიმრის ერთადგილიან საკანში შესახლების თაობაზე მისაღები გადაწყვეტილების დაფუძნებას საკმარისად ცხად და ობიექტურ კრიტერიუმებზე, ანიჭებდა მსჯავრდებულს შესაძლებლობას, გაესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება ზემდგომ ორგანოში ისევე, როგორც სასამართლოში და, ზოგადად, აღჭურვავდა მას საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან თავსებადი პროცედურული გარანტიებით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ მსჯავრდებულის პრევენციული ადმინისტრაციული ღონისძიების ფარგლებში, ერთადგილიან საკანში სასჯელის მოსახდელად მოთავსება per se არაადამიანურ მოპყრობას არ წარმოადგენს. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ამგვარი ღონისძიებიდან გამომდინარე მსჯავრდებულისთვის შექმნილი სოციალური და სენსორული იზოლაციის ხარისხი, გამოყენებული ღონისძიების ხანგრძლივობა ისევე, როგორც ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის შესახლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცედურა შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ და პროცედურულ ასპექტთან.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ ასპექტთან მიმართებით განმარტა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე არ ხორციელდებოდა მსჯავრდებულის იმგვარი სოციალური და სენსორული იზოლაცია, რომელიც შეიძლებოდა მიჩნეულიყო არაადამიანურ მოპყრობად. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციები, ამ თვალსაზრისით, არ არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მატერიალურ მოთხოვნებს.

ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები შეაფასა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურულ მოთხოვნებთან მიმართებით და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულაციებით დადგენილი წესი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის ზემოხსენებული დებულების მოთხოვნებს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ჭრილში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ერთადგილიან საკანში მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გამწესების დროს გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს განსაზღვრული ვადით, წერილობით და დასაბუთებულად, მისაღები გადაწყვეტილება სავალდებულო წესით უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალური შეფასებისა და გამოკვლევის შედეგებს და ითვალისწინებდეს პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილების პერიოდული შეფასების ვალდებულებას. გარდა ამისა, მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს ქმედითი და ეფექტიანი გასაჩივრების უფლებით, რასაც სადავო ნორმებით დადგენილი წესი არ ითვალისწინებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სადავო ნორმები. ამავდროულად, სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2023 წლის 1 მაისამდე, რათა საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს გარკვეული ვადა გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად.

დავის საგანი: „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №109 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №108 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე