ზურაბ ბატიაშვილი - ზელენსკის მესიჯი იყო, რომ დასავლური სამყაროს ლიდერი და იმედი შეერთებული შტატებია

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, ომის განმავლობაში პირველად უკრაინიდან სწორედ ვაშინგტონში ჩასვლით ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანარჩენს სამყაროს შეახსენა, ვინ არის ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და ვისგან შეიძლება ელოდოს უკრაინა ყველაზე მეტ დახმარებას.

როგორც ბატიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ვაშინგტონში სტუმარს იშვიათად ხვდებიან ხოლმე ისე, როგორც ზელენსკის დახვდნენ.

„იშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც ორივე პალატის წარმომადგენლები ერთად ხვდებიან სტუმარს. რაც მახსოვს, რომის პაპს დახვდნენ ასე, სხვა ევროპელ ლიდერს ასე არ დახვედრიან, ასეთი ოვაციებით. რატომ წავიდა ზელენსკი ვაშინგტონში - დანარჩენ სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, ვინ არის ცივილიზებული სამყაროს ლიდერი და ვისგან შეიძლება ელოდოს უკრაინა ყველაზე მეტ სამხედრო, პოლიტიკურ თუ ფინანსურ დახმარებას. ეს იყო მესიჯი, რომ დასავლური სამყაროს ლიდერი და იმედი არის შეერთებული შტატები“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

ბატიაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს უკრაინაში ომი.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ ეს კონფლიქტი 2023 წელს დასრულდება, თუმცა ახლა მთავარი კითხვაა, ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს.

„კონფლიქტების 80% 15 თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა. დიდი ალბათობით, 2023 წელს ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს, მაგრამ როგორ დასრულდება, ესაა მთავარი. წაგებისთვის განწირულ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ხომ არ წაუცდება ხელი? - ეს არის ამ ომის მთავარი კითხვა, რაზეც 100%-იანი პასუხი არავის აქვს. პუტინმა, რა თქმა უნდა, იცის, რომ ასეთის გამოყენების შემთხვევაში, პირადად მას ემუქრება განადგურება, მათ შორის დასავლეთის მხრიდან. მაგრამ თუ დადგა არჩევანის წინაშე ერთი მხრივ, ძალაუფლების დაკარგვასა და ფიზიკურ განადგურებას, მეორე მხრივ კი ბირთვული იარაღის გამოყენებასა და ასე განადგურებას შორის, ძნელია ვიმსჯელოთ, რა არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო